კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” აცხადებს, რომ “პანკისის რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს.
კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს “პანკისის რადიოს” დარბევის მუქარაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ გუშინ, 2020 წლის პირველ სექტემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით – პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას:
“მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები. კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად აღკვეთონ „პანკისის რადიოს“ გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი”, – აცხადებენ კოალიციაში.
“პანკისის რადოში”, რომლის დამფუძნებელიც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილია, აცხადებენ, რომ აქცია, რომლის დროსაც მათ წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გახმიანდა, ახმეტის მერიისა და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.
უფრო ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ.