გუშინ, 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია დღესაც გაიმართება.
პანკისის ხეობის მოსახლეობის სოლიდარობის მიზნით და ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად მოქალაქეები 22 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მოთხოვნებია, არ დააკავონ არცერთი პანკისელი, რომელმაც 21 აპრილს ჰესების მშენებლობა გააპროტესტა, უარი ითქვას პანკისში ჰესების მშენებლობაზე და დაისაჯონ სპეცოპერაციის განხორციელებაზე ბრძანების გამცემი პირები.
აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.
პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.
დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.