ახალი ამბები

„კოცნას ხომ არ დავუწყებდით საომრად მოსულ ხალხს“ – პანკისში 21 აპრილის ამბებზე იმსჯელეს

22 აპრილი, 2019 • 1426
„კოცნას ხომ არ დავუწყებდით საომრად მოსულ ხალხს“ – პანკისში 21 აპრილის ამბებზე იმსჯელეს

22 აპრილს, ნაშუადღევს, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში პანკისელების ნაწილი, რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხეობაში წინა დღით მომხდარ მოვლენებს აფასებდნენ. მათი ნაწილის თქმით, თუკი შსს გუშინდელი ამბების გამო ადამიანების დაკავებას დაიწყებს, ისევ გამოიწვევს პროტესტს.

შეკრებილების ნაწილის თქმით, დაპირისპირება პოლიციისა და სპეცრაზმის რაოდენობამ გამოიწვია, რადგან მათი შემოყვანის საჭიროება არ იდგა.

„კოცნას ხომ არ დავუწყებდით საომრად მოსულ ხალხს“, — თქვა ერთ-ერთმა, როდესაც წინა დღით სპეცრაზმთან დაპირისპირების შესახებ საუბრობდა.

„ერთი წლის წინ დავინახეთ, შემოვიდა სპეცრაზმი, მოკლა მძინარე ახალგაზრდა. გუშინ ჩამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, აქ არ იყო ამის საჭიროება. ჩამოვიდნენ, დაგვიწყეს რეზინის ტყვიების სროლა“, – თქვა შეკრებაზე აქტივისტმა, შენგელ ტოხოსაშვილმა. შეხვედრა პირდაპირ ეთერში პანკისის სათემო რადიომ გააშუქა.

ამასთან, მათი თქმით, მთავრობა მოსახლეობის მხოლოდ უმცირეს ნაწილთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ პანკისში ჰესის აშენებას ემხრობიან, რეალურად კი ხეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამის წინააღმდეგია.

პოლიციამ გუშინდელი ამბების გამოძიება ორი მუხლით დაიწყო — პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით.

„ამდენი შეიარაღებით რომ მოდიან, თუ ჩვენთან შეთანხმება ჰქონდათ, რა საჭირო იყო ამხელა არმიის აქ მოყვანა? აქვე ჩანს დამნაშავეც და მართალიც“, — ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

„ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს გადავუხადო მადლობა პანკისელების სახელით გვერდში დგომისთვის. უხუცესები და ახალგაზრდები ჩართულები ვართ მოლაპარაკებებში. მზაობას გამოვთქვამდით განხილვებზე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობას“, – თქვა ტოხოსაშვილმა.


წინა დღით, 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიცია და მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას;

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირების დაწყების შემდეგ დააზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს. სპეცდანიშნულების რაზმებმა ხეობა საღამოს დატოვეს.

ნახეთ ასევე:

პოლიციელისთვის ნასროლი ქვა არის სახელმწიფოსთვის ნასროლი – სესიაშვილი 

მასალების გადაბეჭდვის წესი