ახალი ამბები

პოლიციელისთვის ნასროლი ქვა არის სახელმწიფოსთვის ნასროლი – სესიაშვილი 

22 აპრილი, 2019 • 1134
პოლიციელისთვის ნასროლი ქვა არის სახელმწიფოსთვის ნასროლი – სესიაშვილი 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გუშინ, 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს,  რომ პოლიციელისთვის ქვის სროლაზე რეაგირება სავალდებულოა და ეს პროცესი გაგრძელდება.

“არცერთ პოლიციელს არა აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს მოსახლეობის მიმართ, მაგრამ პროტესტის ის ფორმა, რაც ჩვენ ვნახეთ,  აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემთვის აბსოლუტურად მიღებელია, ასევე, ის შეფასებები, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ხელისუფლებას ადანაშაულებს, მაშინ როდესაც პოლიციელისთვის ნასროლი ქვა ეს არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც. ამიტომ ეს არის ჩემთვის კომპლექსური საკითხი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-თან კომენტარში.


პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ხადორი ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი