ახალი ამბები

პანკისში დაპირისპირებისას დაშავებული 16 ადამიანი საავადმყოფოში რჩება

22 აპრილი, 2019 • 1415
პანკისში დაპირისპირებისას დაშავებული 16 ადამიანი საავადმყოფოში რჩება

პანკისის ხეობაში 21 აპრილის დაპირისპირების შედეგად დაშავებული 16 პაციენტი ამ დრომდე თელავის რეფერალრ საავადმყოფოში რჩება.

მათი ნაწილი ჰოსპიტალს დღეს დატოვებს.

“ამ დროისთვის თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება 16 პაციენტი. ძირითადად ეს ის პაციენტები არიან, რომლებსაც აღენიშნებოდათ ქალა-ტვინის ტრავმები, უტარდებოდათ დინამიკაში დაკვირვება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე რჩებიან სტაციონარში”, – განუცხადა ჟურნალისტებს თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა მაია მრელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის, 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.


პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს. ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი