ახალი ამბები

“როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, ჰესი იმ დროს აშენდება,” – გახარია

21 აპრილი, 2019 • 1033
“როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, ჰესი იმ დროს აშენდება,” – გახარია

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ჰესი პანკისში აშენდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 90% ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

ამ განცხადებებამდე, გახარია მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, როდღეს არავინ აპირებს “მტყუანისა და მართალის ძებნას”.

“ახლა ვჩერდებით, თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს ცალკე სალაპარაკოა. ამ ჰესთან დაკავშირებით კი მშენებლები გააგრძელებენ თქვენთან საუბარზე და ადგილობრივებთან ერთად, რაზეც შეთანხმდებიან, ის გადაწყვეტილება იქნება. ქვების სროლა გამოსავალი არ არის, ამიტომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძმობას, ურთიერთობასა და საუკუნოვან ისტორია შეეფერება.

ყველა ბრძენ ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, ჰესის მშენებლები კი უახლოეს პერიოდში მოვლენ და გეტყვიან, რაც ახლა გადავწყვიტეთ.

ჰესის თემა გადავდეთ ცოტა ხნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰესს 90% რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო. მე ჰესის გამო არ ამოვსულვარ, მე ამოვედი იმიტომ, რომ თქვენ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს,” – ამბობს გახარია.


პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი