ახალი ამბები

“სოლიდარობა პანკისს” – 19:00 საათზე თბილისში აქცია გაიმართება

21 აპრილი, 2019 • 830
“სოლიდარობა პანკისს” – 19:00 საათზე თბილისში აქცია გაიმართება

დღეს, 21 აპრილს 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი პანისის ხეობიდან სპეცდანიშნულების რაქმის გამოყვანასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების განახლებას მოითხოვენ:

“ვფიქრობდით, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლება ოდნავ მაინც მოეგებოდა გონს და ძალის გამოყენებაზე დროებით მაინც იტყოდა უარს. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა. მთავრობა და ბიზნესი ხუთმეგავატიანი ჰესის მშენებლობის გაუგებარი, მოსახლეობისთვის მიუღებელი, ანტიეკოლოგიური პროექტის ბოლომდე გასატანად ყველაფერზე წასვლას გეგმავს.

ვიკრიბებით დღეს, 19 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რათა ხელისუფლებას ხეობიდან სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა და ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება მოვთხოვოთ”- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი