ახალი ამბები

საფრთხეს შეუქმნის სოფლების წყლით მომარაგებას – ჭიპაშვილი პანკისში ჰესზე

21 აპრილი, 2019 • 1865
საფრთხეს შეუქმნის სოფლების წყლით მომარაგებას – ჭიპაშვილი პანკისში ჰესზე

“მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით,”ხადორი 3″ პანსკისის ხეობის სოფლების წყლით მომარაგებას საფრთხეს შეუქმნის. ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ამ ჰესის მშენებლობა სარგებელს მხოლოდ მშენებელ კომპანიას მოუტანს.

აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, 5 მეგავატის სიმძლავრის ჰესის გამო, რატომ შეიყვანა ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმები ხეობაში.

“ამ ხეობაში ორი ჰესი უკვე აშენებულია და მოსახლეობამ კარგად იცის რა ზემოქმედება იქონიეს მათ საცხოვრებელ გარემოზე. კიდევ ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება და მათ შორის არის “ხადორი 3″. ის ერთი შეხედვით მცირეა 5 მეგავატიანი, მაგრამ დღემდე მოსახლეობისთვის არავის წარმოუდგენია დასაბუთება, რა  სარგებელს მოუტანს  ეს ჰესი. ამ ჰესის გამო უნდა აშენდეს დერივაციული გვირაბი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამ სოფლების სასმელი წყლით მომარაგებას. გარდა ამისა, ხეობაში წყალს არ დატოვებს და დამატებით ზემოქმედებას იქონიებს ხეობის თუნდაც ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე. 5-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის გამო, მსგავსი ძალისმიერი ღონისძიების განხორციელება წარმოუდგენელია,”-აცხადებს ჭიპაშვილი.

როგორც ის ამბობს “ხადორი 3” -ის მშენებლობა EMC-ის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და ამ საკითხზე მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“ვერცერთ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ვერ დაუსაბუთეს, რომ ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შემთხვევაში, სასმელი წყლის პრობლემა ამ სოფლებს არ დაუდგება. გარდა ამისა, არსად არის დასაბუთებული ამ პროექტის საჭიროება როგორც ქვეყნის ენერგეტიკისთვის, ასევე აქ მცხოვრები ადამიანებისთვის,”-უთხრა ჭიპაშვილმა რუსთავი 2-ს.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი