„არ ვიცი, რამდენით მოუგო, მაგრამ დღეს ხელისუფლებამ საკუთარ საზოგადოებას მოუგო „აჭარის ტელევიზია“… ეს იყო წინასაარჩევნო სამზადისის ნაწილი“, – ასე უყურებს მედიის სპეციალისტი ლაშა ტუღუში დღეს, 19 აპრილს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას. ის საგანგებოდ ჩავიდა ბათუმში იმპიჩმენტის სხდომაზე დასასწრებად და მხარეთა არგუმენტებიც მოისმინა. ნეტგაზეთმა ლაშა ტუღუშს რამდენიმე შეკითხვა სამეურვეო საბჭოს სხდომის შემდეგ დაუსვა.
ბატონო ლაშა, თქვენ ესწრებოდით ბორდის დღევანდელს სხდომას. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ: ეს იყო საქმიანი შეხვედრა, თუ მხოლოდ პოლიტიკურად მართულ პროცესთან გვქონდა საქმე, რაზეც საბჭოს წევრმა ბეჟან გობაძემაც გაამახვილა ყურადღება?
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი. პირველ რიგში, ვინც დასვა იმპიჩმენტის საკითხი, არის „ოცნების“ წარმომადგენელი, „ოცნების“ კვოტით გასული წევრი. მეორე და მთავარი არის ის, რომ, ფაქტობრივად, სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი დადასტურებული არგუმენტები და დოკუმენტები. კონტექსტი, რომელიც დღეს არსებობს, მაფიქრებინებს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. უცნაური ვითარებაა: „აჭარის ტელევიზია“ არის ერთ-ერთი მაუწყებელი, რომელზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ, რომ არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, არ ერევა პოლიტიკურ ორთაბრძოლებში. მთავარი პრობლემა ამ პოლარიზებულ მედიაგარემოში არის სწორედ მიკერძოებულობა.
დღეს იყო ბევრი პრეტენზია ნათია კაპანაძის მისამართით, მაგრამ არავის არაფერი უთქვამს მიუკერძოებლობაზე. ესაა მთავარი. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც პოლიტიკურ პროცესს აჩვენებს, არის წინა, საპრეზიდენტო არჩევნები. განსაკუთრებით მეორე ტური იყო მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მძიმე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, რაც დღეს ვიხილეთ, იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნაწილი.
რაში აწყობდა ხელისუფლებას იმპიჩმენტი იმის გათვალისწინებით, რომ ტელევიზიის ახალი დირექტორი ამ წლის შემოდგომაზე მაინც უნდა შეერჩიათ?
დღეს იყო ერთი ასეთი შეფასება – „სამაგალითოდ დასაჯეს კაპანაძეო“ და ვეთანხმები. ეს იყო სამაგალითო დასჯა დამოუკიდებლობის და ნეიტრალურობისთვის… თუ ეს არაა პოლიტიკური პროცესი, მაშინ გაუგებარია, რა პოზიციები წარმოადგინეს ბორდის წევრებმა თანხებთან დაკავშირებით, როცა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს აუდიტის დასკვნა. მე არ ვამბობ, რომ შეცდომა არ იყო დაშვებული, მაგრამ იმპიჩმენტი სხვა მოცემულობაა, მას სხვა დასაბუთება და სხვა ხარისხის დარღვევები სჭირდება. ასე ნებისმიერი ადამიანი უშვებს შეცდომას, საუბარია შეცდომის ხარისხზე. ჩემთვის ეს იმპიჩმენტი ძალიან დიდი კითხვის ნიშანია სამართლებრივადაც… მე ვფიქრობ, რომ დღეს სახელისუფლებო ძალამ მოუგო, არ ვიცი, რამდენით მოუგო, საკუთარ საზოგადოებას „აჭარის ტელევიზია“. ეს გადაწყვეტილება და ტენდენცია აუცილებლად აისახება პროცესზე.
დღეს მოვისმინეთ ბორდის წევრების არასერიოზული განცხადებებიც, რომ თითქოს საელჩოები დააწყნარეს და ჟურნალისტების პროფესინალიზმი არის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიო. პროფესიონალიზმი ვერ იქნება დამოუკიდებლობის გარანტი, რადგან პროფესიონალ ჟურნალისტებს შესაძლოა შეუქმნან გარემო, როცა მათ დამოუკიდებლობაში შეიტანენ ბზარს, ან მოსპობენ მას საერთოდ. დამოუკიდებლობას განსაზღვრავს გარემო და არა პროფესიონალიზმი.
რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოსგან? – ნათია კაპანაძე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა – გვინდა, რომ სასამართლო იღებდეს სამართლიან და სწორ გადაწყვეტილებებს. მე მაქვს მოლოდინი, რომ თუკი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნათია კაპანაძე მოიგებს ამ პროცესს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამართლიანი გადაწყვეტილებები.