მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიამ და გზავნილებმა მხარდაჭერაზე მეტი კითხვები და კრიტიკა გააჩინა, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ახალი მიზეზი დაასახელა – პრეზიდენტის გადაყენება.

თუმცა პრეზიდენტს უფლებამოსილება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისედაც ეწურება – პრეზიდენტის არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში გაიმართება.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებამდე 19 დღით ადრე ისეთი დაპირების გაცემა, რაც მათი გამარჯვების გარეშეც მოხდება.

რა ხდება

მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ დაიწყებს. მიზეზი ამჯერადაც პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტებია,  რომელიც მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი გასულ წელს კონსტიტუციის დამრღვევად უკვე ცნო, თუმცა პარლამენტში იმპიჩმენტი ჩავარდა, რადგან „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის გადასაყენებლად ხმები არ ეყო.

ვინაიდან იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადასაყენებლად საკმარისი 100 ხმა „ქართულ ოცნებას“ ამ მოწვევის პარლამენტში არ აქვს, მმართველი პარტია პირობას იძლევა, რომ პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ გადააყენებს, როცა მათი გათვლით, ამისთვის საკმარისი ხმები ექნებათ.

თუმცა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისედაც ეწურება. პრეზიდენტის არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომიდან 45 დღის განმავლობაში გაიმართება. ამიტომ ახლა მმართველი გუნდი ცდილობს, საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში სალომე ზურაბიშვილის გადაყენება პრინციპულ მნიშვნელობის საკითხად წარმოაჩინოს და ასე ახსნას ახალი დაპირების საჭიროება.

„საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი!“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

რისთვის უნდოდა თავდაპირველად „ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება

სანამ საპრეზიდენტო ვადის მიწურულს სალომე ზურაბიშვილის გადაყენების დაპირებას დაამატებდა, მანამდე „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 4 ამოცანის გადასაჭრელად სჭირდებოდა:

  1.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ყველა მისი სატელიტი, თუ მემკვიდრე პარტიის“ არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად და, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად;
  2. ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საფარქვეშ ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად;
  3. საქართველოს მმართველობის სისტემას და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობას შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში იქნებოდა საჭირო,
  4.  „საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის“ საბაბით, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოსაცხადებლად.
რა გაგრძელება მოჰყვა „ოცნების“ დაპირებებს

დაპირება #1 – ოპოზიციის აკრძალვა

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების დაპირების ნაწილში „ქართული ოცნება“ რამდენიმე კუთხით მანიპულირებს.

კერძოდ,მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახლაც შეუძლია იმსჯელოს პარტიის აკრძალვაზე, თუ დადასტურდება, რომ კანონისმიერი განსაზღვრების შესაბამისად, ამ პარტიის „მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“.

პროცედურა, რომლითაც ახლავე შეუძლია „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზანს მიაღწიოს, შემდეგია: პარლამენტის წევრთა გარკვეული რაოდენობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს კონკრეტული პარტიის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. პარტიების აკრძალვა ძალიან რთული შემთხვევაა და ძალიან მაღალი მტკიცების სტანდარტს საჭიროებს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვა წინასაარჩევნოდ მთავარ გზავნილად აქციეს, მმართველ პარტიაში ცდილობენ ეს გადაწყვეტილება „ჩვეულებრივ დემოკრატიული პროცედურად“ წარმოაჩინონ.

მმართველი პარტია ცდილობს, რომ თითქმის მთელი ოპოზიციის გაუქმების განზრახვა გაუტოლოს მოლდოვასა და უკრაინაში ცალკეული პარტიების აკრძალვას. თუმცა „ქართული ოცნების“ გეგმასა და მოლდოვასა და უკრაინაში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება  არსებობს.

განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, არც მოლდოვაში და არც უკრაინაში ძირითადი ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად არ გამოუცხადებიათ და მმართველ პარტიებს თავიანთი თავი ფაქტობრივად უალტერნატივოდ არ დაუტოვებიათ. მოლდოვაშიც და უკრაინაშიც  ეს ამბავი შეეხოთ იმ პრორუსულ პარტიებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებაში არიან ბრალდებული.

„ოცნების” მანიპულაცია, რომ ოპოზიციის აკრძალვა მოლდოვისა და უკრაინის მაგალითებით მართლდება

„ქართული ოცნების“ ეს განზრახვა უკვე შეაფასეს დემოკრატიისთვის შეუსაბამოდ საქართველოს პარტნიორებმა აშშ-სა და ევროკავშირში.

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, პლურალიზმი „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენია“ და თუ მმართველი პარტიის გეგმა სისრულეში მოვა, ამას ბრიუსელიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ამჟამინდელი მოქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ რიტორიკას და მოვლენებს და მზად არის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუ ეს განცხადებები ამოქმედდება“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

ბოლოს პარტიების აკრძალვის გეგმას აშშ-ის საელჩო გასულ კვირას ქარდით გამოეხმაურა და მმართველ პარტიას შეახსენა, რომ დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ.

 

დაპირება #2 – ცენზურა და ადამიანის უფლებების შეზღუდვა

მართალია, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ საბაბით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სჭირდება, თუმცა არსებითად იმავე მნიშვნელობის ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს პარლამენტმა უკვე მიიღო. სინამდვილეში კანონი აწესებს ცენზურას, ზღუდავს ადამიანებს უფლებებს, კრძალავს ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურებს და ა.შ.

ამასთან, ამ ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.

მმართველ პარტიას უკვე მოუწოდეს ევროკავშირიდან, რომ კანონი უკან გაიწვიოს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და მხარდაჭერილი ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქვეყანას ევროკავშირის გზას უფრო მეტად ააცდენს.

დაპირება #3 – ტერიტორიული მთლიანობა

“ქართული ოცნების” მე-3 დაპირება მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით შესაძლებელი გახდება, საქართველოს მოუწევს შეცვალოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება. “ოცნება” ამომრჩეველს უმტკიცებს, რომ სახელმწიფო მოწყობის ახალ მოდელს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ამიტომ საჭიროა ჩვენ გვქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაო.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ განცხადებამ გააჩინა. ანალიტიკოსებში გამოითქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“  ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად კონფედერაციის შექმნაზე მიანიშნებდა.

ამას მოჰყვა გორში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის „გაჩაღებისთვის“ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაასამართლებს, „ბოდიში უნდა მოვიხადოთ“ იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.

ივანიშვილის ამ განცხადებას აღშფოთება მოჰყვა ქვეყნის შიგნით 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ოჯახებისგან. ხოლო სოხუმსა და ცხინვალში ბოდიშის კვალდაკვალ მათი დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმართული ქმედებებს ელიან, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერა, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია და გენოციდის აღიარება. უფრო შორს წავიდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი და თრუსოს ხეობის და გუდაურის „დაბრუნება“ მოითხოვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით კი, მოსკოვი მზადაა, თბილისს დაეხმაროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, როგორც „მეზობელ ქვეყნებთან”,  ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით.

მართალია, ლავროვამდე რუსეთიდან “ქართულმა ოცნებამ” არაერთი სიგნალი მიიღო, რომ ისინი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით “ოცნების” რიტორიკაზე არც გაჩუმდებოდნენ და არც პოზიტიური მესიჯებით დაეხმარებოდნენ, თუმცა საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მაინც სცადა.

საგარეო უწყება გაჩუმდა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძის პირით ლავროვის განცხადება, რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან მოხსენიებული, „პოზიტიურად“ და „რიტორიკის ცვლილებად“ შეაფასა.

ამის შემდეგ ლავროვმა აფხაზი და ოსი “კოლეგები” მოსკოვში მიიწვია და მათთან ერთად განაცხადა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები, რომლითაც რუსეთმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობები აღიარა, „გადახედვას არ ექვემდებარება“.

როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებაში” ეს აღიქვეს ამ საკითხზე რიტორიკის დასასრულად-.

დაპირებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ „ქართული ოცნებას“ განმარტების გაკეთება მოუწია. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  მმართველი პარტია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასა და მათთან ერთად კონფედერაციაზე დათანხმებას არ აპირებს.

მდინარაძის თქმით, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით „ანტიეროვნული ჭორები“ ვრცელდება, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებს.

„არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!“ – განაცხადა მდინარაძემ.

დაპირება #4 – სახელმწიფო რელიგია

20 აგვისტოს განცხადებაში „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ „არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს“ და დასძენდა, რომ  ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაასაჯაროებდნენ.

თუმცა, სანამ მმართველი პარტია გამოაცხადებდა, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 26 აგვისტოს გაავრცელა  ინფორმაცია, რომ , მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგების დაპირებასაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ იძლეოდა, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყო.

„ქართული ოცნების“ შეთავაზებას საპატრიარქო არ დათანხმდა. მართალია, დღეს მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი არ აქვს, თუმცა არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, კონკორდატი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს უსვამს ხაზს. საპატრიარქოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საჭიროებას ვერ დაინახეს.

შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე ამოცანა, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების აუცილებლობას უკავშირდებოდა, ჩაიშალა.

ამის შემდეგ გადაწყდა, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, კონსტიტუციაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, რომელიც ისედაც არის ხაზგასმული, როგორც განსაკუთრებული, „უფრო ზუსტად“ ასახავენ.

„იმპიჩმენტი, როგორც დამატებითი აგური“

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) პოლიტიკის მკვლევრის, ნინო სამხარაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ყველა დაპირება, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროებას ხსნიდა, ძალიან დიდ სირთულეს წააწყდა, მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით „დამატებითი აგურის დადება დასჭირდა“, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობას რეალური ფუნქცია მოუძებნოს.

მისი თქმით, სხვა ფუნქციები, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მმართველი პარტიის გაცხადებული გეგმით შეიძლება ჰქონდა, ჯერჯერობით, ან არარეალისტურად მოჩანს, მაგალითად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ან შედარებით უფრო არაპოპულარული გახდა, მაგალითად, ოპოზიციის აკრძალვაზე.

„შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ არასწორი გათვლები ჰქონდა გაკეთებული მის ერთგვარად არდადასტურებულ და არაფორმალურ პარტნიორზე, რუსეთზე, რომელიც ამ „თამაშში“ არ შეჰყვა. „თამაშს“ ვუწოდებ იმიტომ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ძალიან რთული პროცესი როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკის დონეზე. ცხადია, ამ რთულ პროცესს სჭირდებოდა მხოლოდ პირველი სატყუარები და არა პროცესის ბოლომდე მიყვანა. ამ პირველ სატყუარებშიც კი არ შეჰყვა მას რუსეთი. „ქართული ოცნება“ წინასწარ რას თვლიდა, ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ის წინასწარ ვერ გათვლიდა ამ საგარეო აქტორის მოქმედებას. ეს ჩანს ამ კონკრეტული დაპირების სისუსტეში.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ დემოკრატიული პროცესის ნაწილია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, იმდენად ძლიერია დემოკრატიული პროცესისადმი საზოგადოებაში დაკვეთა, მათ შორის, შეიძლება ნეიტრალურად და ნიჰილისტურად განწყობილ ნაწილში, რომ ამის შეფუთვა ისე არ გამოუვიდა, როგორც გეგმავდა. ამ ნაწილში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სუსტი გათვლის ამბავი უფრო იყო, ვიდრე გარე აქტორზე დამოკიდებულების საკითხი“, – ეუბნება ნინო სამხარაძე ნეტგაზეთს.

როგორც ნინო სამხარაძე ამბობს, ამ ეტაპზე პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან შემაკავშირებელ როლს თამაშობს საზოგადოების მობილიზებისთვის, როგორც პარტიებისთვის, ისე ამომრჩევლებისთვის პროევროპულ ოპოზიციურ ფლანგზე და ამიტომ მისი ფიგურის გაუფასურება და საზოგადოებისთვის შეხსენება, რომ თუნდაც ოფიციალურად არღვევს კონსტიტუციას, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია.

„რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ „არაკონსტიტუციურ პროცესში“ [ორმხრივ შეხვედრებში] მონაწილეობენ აქტორები დასავლეთიდან.  შეიძლება ეს იყოს დასავლური აქტორების დემონიზების ერთ-ერთი მექანიზმი „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც ზოგადად არის „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ტენდენცია“, – აცხადებს ნინო სამხარაძე.