ახალი ამბები

ენმ–ს რეზოლუციის პროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგარაციის ხელშეკრულების შესახებ

16 ოქტომბერი, 2014 • • 1698
ენმ–ს რეზოლუციის პროექტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგარაციის ხელშეკრულების შესახებ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” გნუცხადეს, რომ აღნიშნულ რეზოლუციას საპარლამენტო უმრავლესობას გადაუგზავნიან. რეზოლუციის პროექტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

“ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. ,,ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ძირძველი კუთხის, აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს;

 

ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება ყოველგვარ საფუძველს აცლის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ ნებისმიერ სპეკულაციას და მოლაპარაკებათა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას;

 

ვინაიდან საქართველოს ინტერესია შენარჩუნდეს რუსეთთან ურთიერთობის მთავარი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობენ აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო;

 

ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ყირიმის ანექსიის, უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის გაგრძელებასა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას;

 

ვინაიდან რუსეთი კვლავაც არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებას, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და ეწინააღმდეგება მის მიერვე ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრას;

 

ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბარიერების აღმართვას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას და სხვა პროვოკაციებს

 

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

 

1. გადახედოს რუსეთთან  მიმართებაში დღემდე წარმოებულ კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას და გააუქმოს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი;

 

2. შეწყვიტოს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთთან წარმოებული „წარმატებული კონსტრუქციული დიალოგის“ შესახებ საუბარი, რადგან ნებისმიერი ასეთი ტიპის სპეკულაცია იწვევს საქართველოს დეოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაქვეითებას;

 

3. იხმაროს ყოველგვარი ღონე, რათა მოხდეს საქართველოს დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხების უკრაინის დეოკუპაციის საკითხთან საერთაშორისო დღის წესრიგში დაკავშირება, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ერთ პაკეტში განხილვა და ხელახალი აქტუალიზაცია;

 

4. მხარი დაუჭიროს რუსეთის ფედერაციის მიმართ ცივილიზებული სამყაროს მიერ შემოღებულ სანქციებს და იხმაროს ყოველი ღონე, რათა აღნიშნული სანქციების მოხსნის წინაპირობათა შორის მოხვდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის პირობა;

 

5. მოახდინოს ჟენევის მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხის ხელახლა წამოჭრა.”

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

 

შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 

 

პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი