ახალი ამბები

“რუსთავი 2” : იოსებ გიორხელიძეს გამტაცებლები მომღერალ ზურა კობეშავიძის აგარაკზე მალავდნენ

15 ოქტომბერი, 2014 • • 1568
“რუსთავი 2” : იოსებ გიორხელიძეს გამტაცებლები მომღერალ ზურა კობეშავიძის აგარაკზე მალავდნენ

თუმცა ტელეკომპანია “რუსთავი2” –თან საუბარში სახლის მფლობელებმა განაცახდეს, რომ არც გატაცებულის, არც გამტაცებლების შესახებ აქვთ ინფორმაცია და არც საკუთარ აგარაკზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

 

“არავის უთქვამს ჩვენთვის და ვინც ჩაატარა ოპერაცია, ისინი არიან დასაჭერები”, – განაცხადა ჰამლეტ კობეშავიძემ.

 
19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ ყოფილი კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. 

ბრალდებულები- დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია და გიორგი ქალდანი პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, სრულად დაეთანხმნენ. დურმიშხან ღვარჩლიანს, ჯემალ შონიას და გიორგი ქალდანს ადოკატები არ ჰყავდათ. მხოლოდ ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატმა, ვლადიმერ კიკნაძემ დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

 

ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი – 52 წლის დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი – 37 წლის ჯემალ შონია, ასევე, 31 წლის ალექსანდრე ჭანტურია და 36 წლის გიორგი ქალდანი 12 და 13 ოქტომბერს დააკავეს.

 

პოლიციის ცნობით, 13 ოქტომბერს საგურამოში  გაათავისუფლეს სამი დღით ადრე გატაცებული სოსო გიორხელიძე, რომლის გამოსასყიდის სანაცვლოდ 300 ათასი დოლარი მოითხოვეს გამტაცებლებმა.

 

პროკურორი თენგიზ ხარებავა იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის მისივე საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცეს, სადაც მოტყუებით შევიდა ჯემალ შონია, რომელსაც ჰქონდა გაკეთებული სპეციალური ნიშანი, თითქოს იყო გათბობის სამსახურიდან მოსული თანამშრომელი.

 

გატაცებულის მამა როინ გიორხელიძე შსს–ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, რომ მას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეხვდა და პირადად დაპირდა, რომ გატაცებულ შვილს უვნებელს დაუბრუნებდა.

გიორხელიძის გატაცებას გამოეხმაურნენ “ქართული ოცნებისა” და მთავრობის წევრები, რომლებმაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გატაცება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუკავშირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი