რისკები გაწიე, შალვა! – მდინარაძე გირგვლიანის ადვოკატს, რომელმაც საქმე სტრასბურგში მოიგო

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატ შალვა შავგულიძეს აკრიტიკებს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ შავგულიძემ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგში მოუგო, მისი ქმედებები იყო არასწორი. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ შალვა შავგულიძეს 16 აპრილს “იმედის” ეთერში უთხრა.

მამუკა მდინარაძემ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და ლევან მურუსიძის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და ამით მოსპო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, იმ დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა ბერკეტი, გირგვლაინის საქმეზე მიეღო სხვა გადაწყვეტილება.

მდინარაძის აზრით, შავგულიძემ სათანადოდ არ გამოიყენა სამართლებრივი ბერკეტები იმდროინდელი სასამართლოს პირობებში და ამით შეცდომა დაუშვა. აღნიშნულს “იმედის” ეთერში ამ შინაარსის დისკუსია მოჰყვა:

შალვა შავგულიძე: გირგვლიანის საქმე სტრასბურგში მოვიგე თუ წავაგე?

მამუკა მდინარაძე: მოიგე.

შავგულიძე: მურუსიძემ მოიგო თუ შავგულიძემ?

მდინარაძე: შენ მოიგე.

შავგულიძე: აბა, რა გინდათ ახლა, გამაგებინეთ, შენ და შენს უფროსს, ბიძინა ივანიშვილს? რა გინდათ? რას ბოდავთ?


“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ქართულ სასამართლოში დამდგარ განაჩენზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად ეკისრება გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს, ვიდრე გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ლევან მურუსიძე ამჟამად არის მოსამართლეთა გავლენიანი კლანის ლიდერი, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით ცდილობს სასამართლოს ძალაუფლების კიდევ უფრო გამყარებას და ემსახურება “ქართული ოცნების” ინტერესებს.

შალვა შავგულიძე იყო გირგვლაინის ოჯახის ადვოკატი და სწორედ მან, დავით ჯანდიერთად ერთად, გაასაჩივრა აღნიშნული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შავგულიძე 2019 წლის 19 მაისს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს. ის მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვის. შავგულიძე კანდიდატად “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” ერთობლივად წარადგინეს.


სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც მკვლელობის შემდეგ გამუდმებით მოითხოვდა დამნაშავეების დასჯას და აპროტესტებდა ხელისუფლების ქმედებებს მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს. ისინი ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ კი, 2009 წლის სექტემბერში, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.  სტრასბურგის გადაწყვეტილებაში გაკრიტიკებული იყო სასამართლოს ქმედებებიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.