მურუსიძის თქმით, სისტემის მსხვერპლი არაა და გირგვლიანის საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო

მსხვერპლია სანდრო გირგვლიანი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ, – ეს განცხადება გირგვლიანის საქმის მოსამართლემ ლევან მურუსიძემ რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

ლევან მურუსიძის განცხადებით, მან დაინახა, რომ ხარვეზები იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ირღვეოდა მოკლული ახალგაზრდის ოჯახის უფლებები, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონით ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ რა ვქნა, შემხვდა და უნდა განმეხილა, ხომ? საბოლოო ჯამში, მე მივიღე ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, ახლა როგორც ვუყურებ, საუბრობენ, ლევან მურუსიძეს შესაძლებელია, რომ უნდა ჩეიდინა გმირობა, ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება… კი ბატონო, მე არ მაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა ან არ უნდა ჩამედინა. ეს საკამათო თემაა. მაგრამ ერთადერთი, რაშიც ვარ დარწმუნებული, ისაა, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო საქმე უზენაეს სასამართლოში ამოსული, პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სხვა გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომელიც მივიღე. სხვათა შორის, სამი წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორს მოვუწოდებ, რომ ჩადგნენ ლევან მურუსიძის მდგოამრეობაში და, შესაბამისად, დაწერონ გადაწყვეტილება და შევაფასოთ მერე”, – ამბობს ლევან მურუსიძე.

მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ის არავითარი მსხვერპლი არ არის:

“რეალურად მე მოვხვდი ცუდ ადგილას ცუდ დროს. მერჩივნა, რომ ეს საქმე არ განმეხილა, მაგრამ მომიწია განხილვა, რის გამოც წლების განმავლობაში მიდის ჩემზე აბსოლუტურად დაუმსახურებელი კრიტიკა”.

რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას კითხვაზე, სანდრო გირგვლიანის მსგავსი საქმის განხილვა რომ მოუწიოს ახლა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მურუსიძე პასუხობს, რომ ისევ იგივე გადაწყვეტილებას მოაწერს ხელს.

რუსთავი 2-ის ეთერში ლევან მურუსიძე ასევე აცხადებს, რომ ის არის სასამართლოს ლიდრი, თუმცა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იზიარებს ის მოსამართლე, რომელიც იღებს ამ გადაწყვეტილებას და აწერს ხელს.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლევან მურუსიძე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

2016 წელს მოსამართლე ლევან მურუსიძეს წინა ხელისუფლების სისტემის მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილმა უწოდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი და არა კონკრეტული მოსამართლე. ბიძინა ივანიშვილი მიიჩევს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ ჰქონდა სამართლებრივი ბერკეტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დაებრუნებინა წინა ინსტანციის სასამართლოში. მისივე აზრით, გირგვლიანის საქმეზე თავად მოკლულის ოჯახის ადვოკატმა “შავგულიძემ დაარღვია და არა მურუსიძემ”. იმავეს ამბობს ლევან მურუსიძეც. ოპოზიციის წევრების შეფასებით, ივანიშვილი შავგულიძეს სწორედ მურუსიძის შპარგალკებით ესხმოდა თავს.

რატომ არ გავასაჩივრე გირგვლიანის I ინსტანციის განაჩენი სააპელაციოში – შალვა შავგულიძე

2018 წლის 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ უვადოდ განწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა მათგანმა მიიღო.

მას, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც. მის საქმიანობაზე იხილეთ სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.