ტურიზმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რუსულ არხებზე რეკლამა აღარ განთავსდება – ქობალია

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებთ, რუსულ არხებზე რეკლამის განთავსება შეწყდება.

ქობალიას შეფასებით, რუსეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება არამიზნობირივი ხარჯი იყო და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

“რეკლამის განთავსება პირველ რიგში იმ ქვეყნებში უნდა მოხდეს, საიდანაც გვინდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვვნელოვანია ვნახოთ, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტები რამდენს ხარჯავენ. მიზნობრივი ქვეყნებში, ბუნებრივია, რეკლამა უნდა განთავსდეს, რათა მეტი ადამიანი ჩამოვიდეს და საქართველოში ფული დახარჯოს. ჩვენ კი ბოლო წლების განმავლობაში იმ ქვეყნებში ვეწეოდით სარეკლამო კამპანიას, საიდანაც ტურისტები ისედაც ჩამოდიან და შედარებით ნაკლებს ხარჯავენ,” – ამბობს ვერა ქობალია.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, მართლაც მიიღო თუ არა ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება, რომ რუსულ არხებზე რეკლამები არ განათვსოს. ადმინისტრაციისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა უწყებაში გვითხეს, რომ  მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას  უპირატესობა ევროკავშირის ქვეყნებს ენიჭება.

“ადმინისტრაციას არაერთხელ განუმარტავს, რომ რუსულენოვანი ბაზრები  და მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისას  ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის მოწინავე ადგილზეა, რაც განპირობებულია დამატებითი პირდაპირი ავიარეისების არსებობით.

 აქედან გამომდინარე, მთავარი აქცენტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსულენოვანი ბაზრები ნაკლებად მნიშვნელოვანია და დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით  კამპანია არ განხორციელდება.

რაც შეეხება მარკეტინგული აქტივობებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტს , ის 15 მილიონ  970 000 ლარს შეადგენს, თუ როგორ დაკორექტირდება ქვეყნების მიხედვით აღნიშნული ბიუჯეტი, ამაზე ადმინისტრაცია მედიას დამატებით აცნობებს,”-წერია განცხადებაში. 

ნეტგაზეთთან საუბრისას ვერა ქობალიამ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზეც ისაუბრა, როგორც ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბევრი ავიაკომპანია, მათ შორის Ryanair, საქართველოში შემოსასვლელად მზად არის, თუმცა მთავრობა ავიაკომპანიასთან ხელშეკრულების დასადებად საკმარის ნაბიჯს არ დგამს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ქობალია ბაზარზე უკვე არსებულ კოპანიებს ასახელებს, რომლებიც დახურულ ბაზარს ლობირებენ.

“დაბალბიუჯეტიან კომპანიებს აქვთ ასეთი მიდგომა, მათთან აფორმებ კონტრაქტს და ერთ ჩამოყვანილ ადამიანზე სახელმწიფოსგან გარკვეულ თანხას ითხოვენ. ეს არის მათი ბიზნესმიდგომა. ერთ ადამიანზე გადასახადი შეიძლება ერთი ევრო იყოს. ეს კომპანია კონტრაქტში წერს, რომ თუ 1 მლნ ადამიანი ჩამოიყვანა, მაშინ სახელმწიფომ 1 მლნ ევრო უნდა გადაუხადოს. ხომ ვიცით, რომ საქართველოში ჩამოსული ადამიანი ნებისმიერ  შემთხვევაში ერთ ევროზე მეტს დახარჯავს. ამიტომ, მთავრობის მიდგომა არ მესმის, როცა ამ თანხის გადახდა არ სურთ. მთავრობა ამბობს, რომ  კომპანიები, როგორებიც არიან Turkish airline ან სხვები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არიან წარმოდგენილნი, მათ ჩვენ არ ვასუბსიდირებთ. მეტიც, ისინი  გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში. მაგრამ როდესაც ბაზრის დიდი წილი მსხვილ კომპანიებს უჭირავთ და ისინი სხვა კომპანიებს არ უშვებს, ეს ქვეყნისთვის ფინანსურად მომგებიანი არ არის,”-ამბობს ქობალია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.