საზოგადოება

საოჯახო მარნები: სამთავრობო კულინარიული ფესტივალიდან პოლიტიკური ნიშნით მოგვხსნეს

16 აგვისტო, 2024 •
საოჯახო მარნები: სამთავრობო კულინარიული ფესტივალიდან პოლიტიკური ნიშნით მოგვხსნეს

„გემო ფესტიდან“, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაარსებული კულინარიული ფესტივალია და სხვადასხვა რეგიონში, ახლა კი ზუგდიდში ტარდება, სამი მონაწილე მოხსნეს.

სამივე მათგანი მიზეზს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და მათი მხრიდან საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებებს, რაც ხელისუფლების რიტორიკისგან შორს დგას.

საოჯახო მარანი „ოდა“, რომელსაც ქეთო ნინიძე უდგას სათავეში, ზაზა გაგუას მიერ დაარსებული მარტვილის მარანი და ლიკა როგავა ის სამი მონაწილეა, რომელთაც 14 აგვისტოს საღამოს ფესტივალის ორგანიზატორებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ „გემო ფესტში“ მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ. მიზეზი მეგრული სამზარეულოს კულინარებისთვის დამაჯერებლად არ გამოიყურება: ორგანიზატორებმა მათ უთხრეს, რომ რაღაცები შეიცვალა და სამი კვირით ადრე ფესტივალამდე გადაწყდა, რომ ასპარეზი ნაკლებად ცნობილი პირებისთვის მიეცათ.

საოჯახო მარანი „ოდა“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფესტივალიდან მათ ჩახსნას. პოსტში ეწერა, რომ ყველაფრის პარტიულად თარგმნა სირცხვილია… სირცხვილია საზოგადოების დაყოფა.

„გულითადი მოკითხვა ჩვენგან მათ, ვინც თავისი ვიწრო თვალსაწიერით საზღვრავს, თითქოს, ასეთი გაუქმებებით დაგვსჯის, ან გაგვაჩუმებს. ასევე, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ამ ამბით აღშფოთება პირად საუბრებს არ გასცდება და ხმამაღლა არ დაიგმობა“, — ეწერა საოჯახო მარნის გვერდზე.

ნეტგაზეთთან მარნის დამფუძნებელი, ქეთო ნინიძე მომხდარის ქრონოლოგიას იხსენებს. საგულისხმო ისაა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საოჯახო მარანს თავად დაუკავშირდა და თავად შესთავაზა მონაწილეობა. ამასთან, ორგანიზატორები ყველა ეტაპზე წუხდნენ, რომ მონაწილეები ცოტა ჰყავდათ.

„როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს თავს ვარიდებთ. მაგრამ წინა „გემო ფესტებზე“ რომ ვიყავი, ისეთი ახალგაზრდული, ჭრელი, არაპარტიული სიტუაცია იყო, მთავრობის წარმომადგენელთა ჩამოტარებების გარეშე, რომ პირიქით, ძალიან გვიყვარდა და დავდიოდით, სხვა რეგიონებშიც როცა იმართებოდა. როცა გვთხოვეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომ მონაწილეობა მიგვეღო, თქვენ გარეშე სამეგრელოს „გემო ფესტი“ ვერ წარმოგვიდგენიაო, მონაწილეობას დავთანხმდით და მზადება დავიწყეთ.

რესტორნის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი ავდექით, დავტოვეთ ობიექტი. ორჯერ ვიყავით ჩასული. ძალიან მოეწონათ შეფმზარეულებს კერძები, რაც შევთავაზეთ. იდეების განვითარებაზე და გავრცობაზეც ვიმსჯელეთ. ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ეტაპზე ამბობდნენ, არასაკმარისი მონაწილეები გვყავსო და ჩვენ გვთხოვდნენ რჩევას, კიდევ ვინ შეიძლებოდა, რომ დაემატებინათ“, — ამბობს ქეთო ნინიძე.

ქეთო ნინიძემ და ზაზა გაგუამ წლების წინ დატოვეს თბილისი, სამსახურები და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მარტვილში, ზაზას მშობლიურ ოდაში გადავიდა საცხოვრებლად. ასე დაიბადა ქეთოს საოჯახო მარანი „ოდა“ და ზაზას „მარტვილის მარანი“.

ქეთო ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც ფესტივალის ორგანიზატორებთან, შეფმზარეულებთან ყველაფერი შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, ჯერ ერთს და მერე მეორეს დაურეკეს და უთხრეს, რომ ფესტივალში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ. ის ამ მოულოდნელად მიღებულ გადაწყვეტილებას ოჯახის საჯარო პოზიციების მიმართ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ დამოკიდებულებას უკავშირებს.

„გვითხრეს ერთი და იგივე მიზეზი — უცებ გადავწყვიტეთ, რომ შედარებით უცნობ ობიექტებს მივცეთ შესაძლებლობაო. იმდენად თითიდან არის ეს არგუმენტი გამოწოვილი, რომ დიდად თვითონაც არ უცდიათ მტკიცება. ძალიან ცოტა მონაწილე ეყოლებათ, ინდუსტრიული რესტორნები თუ არ ჩართეს შესავსებად, რაზეც მანამდე ამბობდნენ, რომ მსგავსი ობიექტების მონაწილეობა არ განიხილებოდა და არ შედიოდა მათ კონცეფციაში. თუ უცნობი ობიექტები უნდოდათ, ზაზას მარანი, როგორც ღვინის მარანი, იყო აქამდეც, მაგრამ სამზარეულოს განვითარება ახლახან დაიწყეს და ეს მისი პირველი ღონისძიება უნდა ყოფილიყო. თან არცერთ წინა „გემო ფესტზე“ ეს მიდგომა არ ჰქონიათ.

მე და ზაზას ნაციონალებს გვეძახიან აქ, თვითმმართველობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა მარტვილისა და ოკაცეს ბუნებრივი ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორია, უფრო ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მერიის დამსახურება იყოს, რომელიც ფესტივალის პარტნიორია“, — ამბობს ქეთო ნინიძე.

ქეთო ნინიძე ამბობს, რომ ფესტივალიდან მოხსნილი პირებისადმი მხარდაჭერა აქამდე არც სხვა მონაწილეებს გამოუხატავთ და არც იმ შეფმზარეულებს, რომლებიც მათ შერჩევაში და მათთან ერთად კონცეფციების დახვეწაში იყვნენ ჩართული.

როგორც ქეთო ნინიძე ნეტგაზეთს ეუბნება, ის სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვას აპირებს, როგორც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ობიექტი. ამაში მას არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) გაუწევს დახმარებას.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ლიკა როგავასაც. მისი ნაამბობიც ქეთო ნინიძის ნაამბობის მსგავსია. უკვე შერჩეულ მონაწილეს, როცა ყველაფერი შეთანხმებული და მოწონებული იყო, მოულოდნელად დაუკავშირდნენ და იგივე მიზეზი დაუსახელეს, რის გამოც ფესტივალში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა.

„როგორც კი გავიგე, რომ ზუგდიდში ჩატარდებოდა, მაშინვე დავრეგისტრირდი. თითქმის მაშინვე დამიკავშირდა საორგანიზაციო ჯგუფი. შევთანხმდით, თავად რა მოლოდინები ჰქონდათ, მე რა მოლოდინი უნდა მქონოდა. დაიგეგმა დეგუსტაციები ზუგდიდსა და ანაკლიაში. შევხვდი შეფმზარეულებს, საორგანიზაციო კომიტეტს. ორჯერ ვიყავი მისული. გადაღებები შედგა, ინტერვიუები ჩავწერეთ, საბოლოო სახე მივეცით ჩემს იდეებს, რომ მეგრული გემო სწორად წარმედგინა. ფესტივალის თარიღი უკვე დათქმული იყო და შევთანხმდით, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ, კონკრეტულად რომელ საათზე მივიდოდი.

გუშინწინ დამირეკეს და მითხრეს, რომ არ მონაწილეობ, მასშტაბები შემცირდა და ვტოვებთ ნაკლებად ცნობად სახეებსო“, — ამბობს ნეტგაზეთთან ლიკა როგავა.

ლიკა როგავაც რეალურ მიზეზებს პოლიტიკურ მოტივებსა და თავის საჯარო აქტივობას უკავშირებს.

„ჩემი ფეისბუკ-სტატუსები, ჩემი სამოქალაქო პოზიციები დამალული არ არის. ძალიან დიდი მოწინააღმდეგე ვიყავი ე.წ. რუსული კანონის, რომელიც მიიღო მთავრობამ. 2006 წლიდან არასამთავრობო სექტორში ვარ. ამჟამადაც ვმუშაობ ასოციაცია „ათინათში“, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში. ვაკეთებ სრულიად ქართულ საქმეს. იმიტომ, რომ ვიღაცებს რაღაცები არ მოსწონთ, ვიღაცას ვიღაცის მონობა უნდა და ვიღაცებს რაღაცები ელანდებათ, მე ვერავინ დამაბრალებს, რომ არაქართულ საქმეს ვაკეთებ და ვერც ვერავინ დამიძახებს უცხოური გავლენის აგენტს. ამაზე მე ვერ გავჩუმდები“, — ამბობს ლიკა როგავა.

როგავა აღნიშნავს, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ცუდი ურთიერთობა და გაუგებრობა არასდროს ჰქონია, პირიქით, კარგი გამოცდილება აკავშირებდა. მაგრამ თვლის, რომ როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა.

„გემო ფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებული ფესტივალია, რომლის მიზანი, დამფუძნებლების თქმით, რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებაა.

პირველად ფესტივალი რაჭაში ჩატარდა 2022 წელს. შემდეგ იყო იმერეთი და სვანეთი. მაგალითად, იმერეთში „გემო ფესტს“ 20-მდე მონაწილე ჰყავდა.

8-9 სექტემბერს „გემო ფესტი“ სამეგრელოში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ნეტგაზეთმა მომხდართან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. შერჩეული მონაწილეების მათ მიერ ფესტივალიდან მოხსნის მიზეზებზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი