კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში გენდერული დისბალანსია აღმასრულებელ რგოლშიც, სადაც 19 მინისტრიდან მხოლოდ 3 ქალია. ასევე, 12 თვითმმართველი ქალაქის მერიდან ყველა კაცია, ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 69 გამგებლიდან კი მხოლოდ ორია ქალი.
კვლევის მიხედვით, საკრებულოებში ქალ დეპუტატთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (20% და მეტი) ფიქსირდება 12 თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებში. თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკის, ასპინძის საკრებულოებში კი ქალი დეპუტატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი.
“აღნიშნული შედეგები შემაშფოთებელია, ვინაიდან მოცემულ ქალაქებში საკმაოდ დიდია მოსახლეობის რაოდენობა (თელავი – 71 000; მცხეთა – 60 000; ფოთი 41 000),”– ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” კვლევაში.
პარტიებიდან ქალთა ყველაზე მაღალი წარმომადგენლობა პარტია “საქართველოს გზას” აქვს (38%). კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებიდან 11% არის ქალი, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კი – 13%.
კვლევაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის მდგომარეობით ქალები მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებში 25.6%–ს შეადგენენ. საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალებმა მანდატების 12% მოიპოვეს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185 ქვეყნიდან საქართველო 115–ე ადგილს იკავებს.
“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით გენდერული კვოტირების დროებითი ზომების მიღება სავალდებულოა.







