ახალი ამბები

NGO-ების განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლებმა ისევ მიმართეს დევნის თაობაზე

9 ოქტომბერი, 2014 •
NGO-ების განცხადებით, თბილისის მერიის თანამშრომლებმა ისევ მიმართეს დევნის თაობაზე

NGO-ების განცხადებით, მერიის თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ მათზე 2014 წლის აგვისტოდან სისტემატურად ხორციელდებოდა ზეწოლა პირადი განცხადებების საფუძველზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა მაქაცარია აცხადებს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა და მისმა პირველმა მოადგილემ დაიბარეს და მოსთხოვეს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

“იმ შემთხვევაში, თუ არ დაწერდა განცადებას, მოიკითხავდენენ მის საქმეებს წინა სამსახურში (გიგა მაქაცარია მანამდე მუშაობდა პოლიციაში), “გაუფუჭებდნენ პირად საქმეს” და ისე გაათავისუფლებდნენ. გიგა მაქაცარია განმარტავს, რომ ამ საუბარს ესწრებოდა მისთვის უცნობი პიროვნება, მისი ვარაუდით, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც უდასტურებდა  სამსახურის უფროსს და პირველ მოადგილეს, რომ ის მოიკითხავდა გ. მაქაცარიას საქმეებს და “გააფუჭებდნენ”,– ნათქვამია განცხადებაში.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მერიიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. მათ მსგავსი განცხადება სექტემბერშიც გააკეთეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისის მერიის თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნის მოტივად პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებდნენ. თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა კი ამ განცხადების პასუხად თქვა, რომ მერიიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებიათ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 169–ე მუხლის თანახმად, “პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე”, დანაშაულს წარმოადგენს. ისინი შესაბამის  ორგანოებს მერიის თანამშრომლებზე ზეწოლის შემთხვევების შესწავლისა და სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი