ახალი ამბები

რატომ გადაიდო საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში

9 ოქტომბერი, 2014 • • 1963
რატომ გადაიდო საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში

თებერვალში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერის ვიზიტისას, საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება იგეგმებოდა. განცხადება იმის შესახებ, რომ ოქტომბრისთვის საქართველო ევროპული ენერგოგაერთიანების წევრი იქნებოდა, თვითონ ოტინგერმაც გააკეთა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს მოლოდინი არ გამართლდა, რადგან საქართველო კავშირში ჯერ არ შესულა:

“მოლაპარაკებების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება საქართველოსთან. გასულ თვეებში მე დიდი პროგრესი არ მინახავს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ბორის იაროშევიჩმა ამ საკითხის კომენტირებისას. კითხვას, რატომ მოხდა ასე, ევროპელი დიპლომატი პასუხობს:

“ყველა დაკავებული იყო ასოცირების ხელშეკრულებით და უკრაინის პროცესებით. მომდევნო თვიდან მუშაობას დაიწყებს ახალი ევროკომისარიც [ენერგეტიკის საკითხებში] და პროცესი განახლდება”.

ევროკავშირის ინიციატივით ენერგეტიკული გაერთიანება 2006 წელს შეიქმნა. მისი უმთავრესი პრინციპი საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში ბაზრის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და თამაშის წესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. საქართველო ამ გაერთანებაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. სპეციალისტები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, აცხადებენ, რომ ენერგოგაერთიანება ქვეყანას ენერგეტიკის სექტორის და ზოგადად, ეკონომიკის განვითარების კუთხით ძალიან ბევრ ბენეფიტს მოუტანს:

 

“ეს არის ენერგეტიკული საზოგადოება, რომელშიც ის ქვეყნები არიან თავმოყრილი, რომლებიც ევროკავშირში შესასვლელად ემზადებიან. ენერგეტიკული საზოგადოება გვიჩვნებს გზას, თუ როგორ უნდა ვიაროთ იმისათვის, რათა თავისუფლად შევიდეთ ევროკავშირში. ეს არის თავისუფალი ბაზარი, თავისუფალი დაშვება ქსელზე, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა, როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგეტიკის სექტორში. გამჭვირვალე სატარიფო სისტემები და მეთოდოლოგიები”, – ამბობს გოჩა შონია, სემეკის წევრი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“თავის დროზე ინდუსტრიამ და ენერგეტიკამ შექმნა ევროკავშირი, როგორც ასეთი. ეს დარგები იყო ამ კავშირის შექმნის ინიციატორი. სარგებლიანობა არის ორმხრივი –  ყველა მხარე ერთმანეთს ეხმარება”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და დასძენს, რომ  გარდა სოლიდარობის ზემოხსენებული პრინციპისა, აღნიშნული გაერთიანება ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებსაც ხსნის:

 

“როდესაც განსაზღვრულია აპრობირებული პრინციპი, თუ როგორ მუშაობს დარგი, საფინანსო ორგანიზაციებიდან დაფინანსების, ასევე ინვესტიციების მოზიდვა ბევრად უფრო იოლია, რადგან ყველასთვის ნათელია თამაშის წესები. ეს არის ძირითადი ქოლგა პრინციპი და სარგებელი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. შემდეგ არის საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პრიორიტეტულად გამოიყოფა ხოლმე დაფინანსებები. ამას ჰქვია საერთო ინტერესების პროქტები. მაგალითად, თუ თურქეთთან და შემდეგ ევროპასთან დამაკავშირებელი რაღაც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იქმნება, დაფინანსების მოძიება უფრო ადვილი მოსაძებნი ხდება, ვიდრე ის, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოში იაროს პროექტისთვის დაფინანსების მოსაძიებლად. ვუტრირებ, მაგრამ ასეთი მომენტები არის სარგებლიანობის ნაწილში”, – აცხადებს იგი.

 

ენერგეტიკოსი გიორგი მუხიგულიშვილი კი, რომელიც ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” წარმოადგენს, აცხადებს, რომ ეს გაერთიანება საქართველოსთვის განახლებადი ენერგიების განვითარების პერსპექტივასაც გაზრდის, თუმცა, მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ კავშირში გაწევრიანება შეძლოს, კანონმდებლობა სხვადასხვა ევროდირექტივას უნდა შეუსაბამოს:

 

“ჩვენს კანონმდებლობას სხვადასხვა კანონი ექნება დასამატებელი იმიტომ, რომ  დირექტივების უმეტესობა ისეთ საკითხებს მოიცავს, რაც ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს. მაგალითად, განახლებადი ენერგიების შესახებ კანონი, ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, შენობებში ენერგოეფექტურობის რეგულირება და ასე შემდეგ, თუმცა აქ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმეა ჩადებული, ამას ევროკავშირიც რომ არ ითხოვდეს, აქამდე ჩვენ ისედაც უნდა გაგვეკეთებინა. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიების კუთხით, კონკრეტულად ჰიდროზეა აქცენტი, ასევე- ქარი, მზე. იმისათვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იქნას მოზიდული და ეს პროექტები დაიძრას, საჭიროა საკანონმდებლო დონის რეგულირება”, – ამბობს ენერგეტიკოსი.

 

გარდა ბენეფიტებით სარგებლობისა, ევროპული ენერგოგაერთიანების წევრმა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებებიც უნდა აიღოს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვალდებულების შესახებ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოსა და გაერთიანებას შორის. ენერგეტიკულ გაერთიანების კონცეფციის მიხედვით, ბაზარი მაქსიმალურად კონკურენტული უნდა იყოს და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა მესამე მხარესაც უნდა მიეცეს, რაც თავისთავად გამორიცხავს რომელიმე სუბიექტისათვის სატრანიზტო საშუალებების ექსკლუზიურად, გრძელვადიან კონტექსტში გადაცემის შესაძლებლობას. ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ კონტრაქტებთან, რომელიც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ დადო  შაჰდენიზის გაზსადენის, ასევე,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2000-იან წლებში. 

 

“წინააღმდეგობაშია ის, რომ საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებზე, რომელიც საქართველოზე გადის, მოითხოვენ მესამე მხარის დაშვებასაც. რას გულისმობს ეს: სხვა კომპანიებს რომ დასჭირდეთ, ამ სადენების საშუალებით თავიანთი ნავთობისა და გაზის მიწოდება უნდა შეეძლოთ ევროპისათვის, რაც რეალურად შეუძლებელია, რადგან ხელშეკრულებაა დადებული კონსორციუმებსა და საქართველოს შორის. მთავრობამ ამ მილსადენების გაყვანისათვის თავის დროზე შეღავათები მისცა კონსორციუმებს, რასაც ისინი დღეს ჩვენ გვინაზღაურებენ ასევე სხვადასხვა შეღავათებით”, – ამბობს გიორგი მუხიგულიშვილი.

 

შაჰდენიზის პროექტიდან წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს საქართველო იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით (55 დოლარად ყოველი ათასი კუბური მეტრი გაზისათვის). გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფუნქციონირების პერიოდში, პირდაპირი სატრანზიტო შემოსავლების სახით, საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს იღებს. ამასთან, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში ინვესტორმა კომპანიებმა  მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ვალდებულება აიღეს, რომელთა მიზანია ნავთობსადენის დერეფანში მდებარე სოფლების მოსახლეობის დახმარება სოციალური პრობლემის გადაჭრაში. გიორგი მუხიგულიშვილის გამოთვლებით, ჯამში, ყველა პროექტიდან საქართველოსთვის მიღებული სარგებლის  საერთო ოდენობა მილიარდობით დოლარს უტოლდება. ენერგეტიკის მინისტრი მარიამ ვალიშვილი კი აცხადებს, რომ შაჰდენიზის ხელშეკრულება ათეულობით წელზეა გათვლილი და მისი გადახედვა მისაღები არ არის:

 

“ეს არის სამხრეთკავკასიური მილსადენი, ანუ ბუნებრივი აირის ტრანზიტი, რომელიც ახლა ხორციელდება შაჰდენიზის საბადოდან. უკვე დაიწყო მეორე ფაზა, რომლის შედეგადაც 2019 წლის ბოლოსკენ ჩვენ უკვე ველოდებით გაზის დამატებითი მოცულობის გატარებას ჩვენი ტერიტორიის გავლით. ნამდვილად არ გვინდა ასეთი მნიშვენლოვანი კონტრაქტების გადახედვა… ხელშეკრულება დადებულია შაჰდენიზის კონსორციუმთან, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა, დაწყებული საბადოს დამუშავებიდან, მილსადენის მშენებლობით დამთავრებული. იქ BP-იც მონაწილეობს, სტატოილიც, სოკარიც, თურქიშ პეტროლიუმიც. ძალიან ბევრი კომპანიაა კონსორციუმში გაწევრიანებული. ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება კონსორციუმთან, რომლის ხელშეუხებლობას ვითხოვდით იმიტომ, რომ ახლა ნამდვილად არ გვინდა გადახედვების პროცესების ინიცირება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, ეს ემსახურება ჩვენს ინტერესებს”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე და დასძენს, რომ მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირის მხარესთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საქართველო ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამ კონტრაქტების გადახედვის გარეშე გაწევრიანდება. შეკითხვას, როგორ მოახერხა საქართველომ ევროკავშირის ამ გამონაკლისზე დათანხმება, ვალიშვილი ასე პასუხობს:

 

“გამონაკლისებს რა შემთხვევაში უშვებს ხოლმე ევროკავშირი, როდესაც ამას ძალიან სენსიტიური მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებასთან. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ერთ მომწოდებელზეა დამოკიდებული, აზერბაიჯანზე, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ ფორმატის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ არ შეექმნას საფრთხე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ანუ იმას, რასაც ვიღებთ, ისევ მივიღოთ. ენერგეტიკული უსაფრთხოების მოტივაციიდან, კორიდორის გაფართოების არგუმენტებიდან გამომდინარე ეს ევროპელი კოლეგების მხრიდან გაზიარებულ იქნა. ამაზეა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია გათვლილი. ეს გაიზიარა ევროკავშირის მხარემ და სამართლებრივ ფორმატშიც ეს საკითხი მისაღები აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ამ ხელშეკრულებებით გატარებული მოცულობის გარკვეული პროცენტის იაფად შესყიდვის უფლება გვაქვს, დამატებითი გაზის მოცულობებიც გვაქვს შეღავათიან ფასად, რომელიც რეალურად განაპირობებს იმ სოციალურ ფასს, რაც საქართველოში არსებობს”.

 

თუ ძირითადი საკითხზე შეთახმება მიღწეულია, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ გაერთიანებაში დათქმულ ვადაში გაწევრიანება? – მარიამ ვალიშვილი აქცენტს მოლაპარაკებების სენსიტიურობაზე ამახვილებს:

 

“ეს ფაქტორი მოლაპარაკებების შენელება-არშენელების კუთხით ნამდვილად არ არის. არც შენელებული არ არის პროცესი, იმიტომ, რომ თქვენ თუ გადახედავთ სხვა ქვეყნების გაწევრიანების მაგალითებს, 2 წელზე მეტს მოითხოვს პროცესი და საქართველო 2 თვეში ამას ვერ დაამთავრებდა, მით უმეტეს, ენერგიტიკა ძალიან სენსიტიური თემაა. ყველა დეტალს ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით, რათა ყველა გეგმა დავისახოთ ისე, რომლის შესრულებაშიც პრობლემა არ შეგვქმნება”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

ბორის იაროშევიჩი კი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა თავის განაცხადს უკან არ წაიღებს და ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ფიქრობს ასე, ევროპელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ განაცხადი ამ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე, სწორედ ამ მთავრობამ გააკეთა, შესაბამისად, ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ენერგოგაერთიანების წევრები, კანდიდატები და დამკვირვებელი ქვეყნები
ენერგოგაერთიანების წევრები, კანდიდატები და დამკვირვებელი ქვეყნები

მასალების გადაბეჭდვის წესი