ახალი ამბები

ფრაქცია “ქართული ოცნება”: თბილისის მერიაში ატესტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს

8 ოქტომბერი, 2014 •
ფრაქცია “ქართული ოცნება”: თბილისის მერიაში ატესტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს

“ჩვენ მივესალმებით ასეთი სახით ატესტაციის ჩატარებას. იმისათვის, რომ სამსახურებმა სრულფასოვნად შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, ატესტაცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს. მერიასა და საკრებულოში ბევრი კვალიფიკაციური კადრია, რომლებიც უპრობლემოდ შეძლებენ ამ ეტაპის გავლას და, შესაბამისად, შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს“,- ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით, მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებაზე იყო საუბარი, ფრაქციამ დედაქალაქის მთავრობისგან ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მერიიდან 2014 წლის 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გათავისუფლებულთა რაოდენობა 155 ადამიანია.

 

“პირადი განცხადების საფუძველზე – 115, ვადის გასვლის გამო – 32, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამო – 5 და სხვა საფუძვლით – 3 გათავისუფლდნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ოპონენტი კოლეგების განცხადება უსაფუძვლოა და თითოეულ მათგანს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები – თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია და საკრებულოს წევრი, ირაკლი აბესაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ, რათა, მათი თქმით, მერიის მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომლებზე ზეწოლა გაეპროტესტებინათ. მათ სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხეს.

 

თბილისის მერიაში თანამშრომლებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც:

 

“იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თბილისის მერიაში რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეთა გათავისუფლება აშკარა თუ ფარული ზეწოლის ფონზე ხდება,”– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების – “სამართლიანი არჩევნების”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” მიერ გასულ თვეში გავრცელებულ საერთო განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი