ახალი ამბები

“თბილისის პრაიდი” სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ჯერ კიდევ ელის

10 აპრილი, 2019 • 1335
“თბილისის პრაიდი” სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ჯერ კიდევ ელის

მხოლოდ ფურცელზე არსებული კანონი არ ცვლის მოცემულ რეალობას – ასე ეხმაურება თბილისის პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას 2018 წელს ჩაშლილ ანტიჰომოფობიურ აქციასთან დაკავშირებით.

განცხადების შეფასებისას გიორგი თაბაგარი მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ პრაიდის კვირეულზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ორგანიზატორები სახელმწიფოსგან უსაფრთხოების გარანტიებს ჯერ კიდევ ელიან.

“შსს-სთან გვქონდა ერთი ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენი გეგმები გავაცანით. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ველოდებით შემდგომ შეხვედრას. ზოგადად, წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, შსს-ს აქვს ხოლმე ტენდენცია, რომ რაღაც პროცესები საკმაოდ გაიწელოს დროში. ამ შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ცოტა უფრო პროაქტიულად დაიწყებენ ამ საკითხზე მუშაობას. ეს საკითხი ვერ მივა ივნისამდე, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გარანტიები. ვფიქრობთ, რომ თბილისი პრაიდი მნიშვნელოვანი ტესტია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, იმაზე უკეთ იმუშავებენ წელს, ვიდრე მუშაობდნენ წინა წლებში”, – აღნიშნავს აქტივისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

დღეს, 10 აპრილს, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, 17 მაისს ჩაშლილი აქციის შეხსენების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი “ძალიან დიდი წინ გადაგმული ნაბიჯია” და უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები გარანტიაა იმისა, რომ “საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული”.

გიორგი თაბაგარის შეფასებით, განცხადება “ზედაპირულია” და მტკიცებით ფორმაში გაცხადება, რომ ადამიანის უფლებები საკანონმდებლო დონეზე უმაღლესი სტანდარტითაა დაცული, “სიმართლეს არ შეესაბამება”. მისი თქმით,  სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მაშინ, როცა არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ სრულდება.

“…კანონის აღსრულება საკმაოდ ხარვეზული იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მხოლოდ ფურცელზე არსებული კანონი არ ცვლის მოცემულ რეალობას. სახელმწიფომ უნდა აიღოს პოზიტიური პასუხისმგებლობა, უნდა გააკეთოს უფრო მეტი იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც სხვადასხვა სფეროში არსებობს. ეს იქნება საგანმანათლებლო სფერო – სკოლაში ბულინგი, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა, დასაქმების პრობლემები ლგბტ ადამიანებისთვის… ეს მხოლოდ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და მათ გამოძიებამდე არ უნდა დავიდეს, რომელიც ასევე ხარვეზული პროცესია.

ჩვენ გვახსოვს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით ან ვერ ვსარგებლობდით გასულ წლებში, ან ვსარგებლობდით ფორმაში. ამ მოცემულობაში, როცა წელს პრაიდის კვირეულია დაგეგმილი, სასურველია, ამ განცხადებების მიღმა კონკრეტული ქმედებები მოაყოლოს ხელისუფლებამ და კონკრეტულად ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს”, – აცხადებს გიორგი თაბაგარი.

აქტივისტი აკრიტიკებს პრემიერის განცხადების იმ ნაწილსაც, რომელშიც მამუკა ბახტაძე მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს მოიხსენიებს “მარგინალურ ჯგუფებად”, რომლებიც “ყველა ქვეყანაში არსებობენ”. გიორგი თაბაგარის აზრით, ხელისუფლებას აღნიშნული ჯგუფების მიმართ კონკრეტული პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომელიც მათი მხრიდან ძალადობის პრევენციისაკენ იქნება მიმართული.

“მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს ჯგუფები არიან მარგინალური, არ არის საკმარისი, მაშინ როცა ისინი  ძლიერდებიან. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს კონკრეტული პოლიტიკა იმის წინააღმდეგ, რასაც ეს ჯგუფები აკეთებენ. კონკრეტულად საუბარი მაქვს მუქარებზე, რომელთაც ისინი არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ახორციელებენ. უნდა არსებობდეს ერთიანი პოლიტიკა იმისათვის, რომ ერთი ჯგუფი არ ძალადობდეს მეორე ჯგუფზე. მხოლოდ განცხადებები, რომ ერთი ჯგუფი მარგინალურია, [მაშინ, როცა] თვითონ ეს სიტყვაც და მიდგომაც საკმაოდ პრობლემურია და მარტო იმის ცოდნა, რომ ისინი არსებობენ, არ არის საკმარისი” ,- ამბობს ის.

რა უპასუხა ბახტაძემ PACE-ში კითხვას 2018 წელს ჩაშლილ ანტიჰომოფობიურ აქციაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი