ახალი ამბები

რა უპასუხა ბახტაძემ PACE-ში კითხვას 2018 წელს ჩაშლილ ანტიჰომოფობიურ აქციაზე

10 აპრილი, 2019 • 2293
რა უპასუხა ბახტაძემ  PACE-ში კითხვას 2018 წელს ჩაშლილ ანტიჰომოფობიურ აქციაზე

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას დაუსვეს, 2018 წელს თბილისში ჩაშლილ ანტიჰომოფობიურ აქციას ეხებოდა.

პრემიერს შეახსენეს, რომ 2018 წელს ლგბტქი თემის წევრებს, აქციის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩაშლა მოუწიათ, ვინაიდან მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფებისგან მუქარები მიიღეს, ხოლო პოლიციის დაცვის იმედი არ ჰქონდათ. ბახტაძეს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ლგბტქი ადამიანებმა წელს თბილისში ერთ-ერთი ძირეული უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ.

“როგორც მოგეხსენებათ, 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ – ეს არის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყენაში არსებობენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითაა დაცული.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ჩვენ ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავაძლიერებთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ჩემს უმთავრეს არგუმენტს – კანონმდებლობას. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით და თუ კიდევ არსებობს მიმართულებები, სადაც ჩვენი კანონმდებლობა უნდა გაძლიერდეს – ჩვენ, ცხადია, ამის პოლიტიკური ნება გვექნება. ჩვენი კანონმდებლობის უკანასკნელი ცვლილებები მყარი გარანტიაა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული,” – პასუხობს ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი