ახალი ამბები

წულუკიანი: აქ მყოფი უცხოელების პატარა სეგმენტმა რატომღაც ვერ დაიჯერა, რომ კანონი კანონია

7 ოქტომბერი, 2014 • • 1390
წულუკიანი: აქ მყოფი უცხოელების პატარა სეგმენტმა რატომღაც ვერ დაიჯერა, რომ კანონი კანონია

“ზოგადად სავიზო რეჟიმი და კანონი “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში” სექტემბერში არ გამკაცრებულა. ეს კანონი გამკაცრდა მარტში და ჩვენ იმისთვის, რომ უცხოელებისთვის საკმარისი დრო მიგვეცა, ვთქვით, რომ გამკაცრებული კანონი სექტემბერში შევიდოდა ძალაში. საფრანგეთის რევოლუციამ ცივილიზებულ სამყაროს მოუტანა ძალიან ცნობილი პრინციპი, რომელიც, პირველ რიგში, იმ უცხოელებმა უნდა იცოდნენ, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ეს პრინციპი არის შემდეგი: არავის არ აქვს უფლება, არ იცნობდეს კანონს. კანონი კანონია, ქვეყნდება და ყველამ უნდა იცოდეს, რა წერია კანონში. ეს არის მოქალაქის მოვალეობა, მიუხედავად იმისა, ვისი ქვეყნის შვილია ის და რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენ ვთქვით, რომ კი, ბატონო, ეს პრინციპი ასეა, მაგრამ მივცეთ უცხოელებს 5 თვე იმისთვის, რომ მათ საკუთარი საბუთები მოაწესრიგონ და კანონს შეუსაბამონ. ძალიან ბევრმა, ასეულობით უცხოელმა ეს გაიგო, გაიგონა, მოვიდა, მათი მდგომარეობა მოწესრიგდა, საბუთები მიიღეს და 1 სექტემბერს ისინი გულმშვიდად შეხვდნენ. დარჩა აქ მყოფი უცხოელების პატარა სეგმენტი, რომლებმაც რატომღაც ვერ დაიჯერეს, რომ კანონი კანონია, არადა, ჩვენს ქვეყანაში კანონი მართლაც კანონია, მათ შეექმნათ პრობლემები იმიტომ, რომ მხედველობაში არ მიიღეს ის გარემოება, რომ საბუთების მოსაწესრიგებლად 5 თვე ჰქონდათ. იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ნებისმიერი ქართველი სხვა ქვეყანაში, თუკი 5 თვე არ მიიღებდა ზომებს საკუთარი ბინადრობის მოწმობის მიმღები ქვეყნის კანონმდბელობასთან შესაბამისობაში მოყვანისათვის. 


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 

ჩვენ იმის სახელმწიფო ვართ და იმდენად პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, რომ პრემიერთან თათბირზე ეს თემა განვიხილეთ. მე მიტანილი მქონდა სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს, რომ არაფერი შემაშფოთებელი არ ხდება და არსებობს მხოლოდ ჯგუფი, რომელთაც ვერ ან არ მოასწრეს საბუთების მოწესრიგება და ჩვენ მათთვის ვიპოვით გამოსავალს, მე ამის პირობას ვდებ”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ რამდენიმე მათგანს გამოსავალი უკვე უპოვეს.


“ჩვენ ინდივიდუალურად ვსწავლობთ საქმეებს. 1 სექტემბრიდან იუსტიციის სახლში მოქმედებს უცხოელებისთვის სპეციალური დახლები, სადაც მათ შეუძლიათ კომპეტენტური კონსულტაცია მიიღონ და მოიგვარონ ის პორბლემები, რომლის გადაჭრაც მათ 5 თვის განმავლობაში ვერ შეძლეს. გამოსავალი ყველას მოეძებნება… ისეთ უცხოელებს, რომლებიც 5 თვე ჩვენს ტერიტორიაზე იყო, მათი რაოდნეობა დაალხოებით 300-400-ია. მათ პრობლემები უნდა მოუგვარდეთ”, – განაცხადა მან.


წულუკიანის თქმით, ახალი სავიზო პოლიტიკა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის ნაწილია და ძირფესვიანად ვეღარ გადაიხედება.


კანონმა, რომელმაც საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა უნდა დაარეგულიროს, მათ ნაწილს პრობლემები შეუქმნა, ნაწილს კი საქართველოში ყოფნის უფლება გაურკვეველი მიზეზებით შეუზღუდა. ამ საკითხებზე ნეტგაზეთის სტატიას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი