ახალი ამბები

იოჰანეს ჰანი: მჯერა, ანგარიში ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ პოზიტიური იქნება

27 ნოემბერი, 2015 • 1441
იოჰანეს ჰანი: მჯერა, ანგარიში ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ პოზიტიური იქნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. იოჰანეს ჰანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიტიური შედეგი ექნება.

“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ვაფასებთ, არის თუ არა ქვეყანა მზად მის მისაღებად. ჩვენ არ ვარჩევთ, დიდია ეს ქვეყანა თუ პატარა, ტერიტორიულად ახლოს არის ევროკავშირთან თუ არა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო კარგად მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ვიზის ლიბერალიზაციის იმ ანგარიშის შესახებ, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება, მაგრამ მჯერა, რომ პოზიტიური შედეგი იქნება. ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. უნდა გავიგოთ, რომ ამას დრო სჭირდება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს პრეზიდენტის და იოჰანეს ჰანის შეხვედრა დიპლომატებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთ საათს გაგრძელდა.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარი, იოჰანეს ჰანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან. დღეს, ასევე, შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი