ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში ბინადრობის ნებართვიანი უცხოელების ევროპაში დასაქმება – თაღლითობა თუ რეალობა?

22 მარტი, 2017 • 5993
საქართველოში ბინადრობის ნებართვიანი უცხოელების ევროპაში დასაქმება – თაღლითობა თუ რეალობა?

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინდოეთის მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ევროპაში დასაქმების სავარაუდო თაღლითურ სქემას იკვლევს. კალიან ანანდანის განცხადებით, სამუშაოდ გამგზავრების პირობით, პოლონეთის საელჩოში წარსადგენი დოკუმენტისთვის ქართველმა ცოლ-ქმარმა 30 ათასი ევრო მოტყუებით გადაახდევინა. ამავდროულად, მეორე მხარე ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ცილისწამებისათვის ანანდანის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

როგორც კალიან ანანდანი გვიყვება, ის დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოში მეგობრის რჩევით ჩამოვიდა, რომელსაც აქედან მისი ევროპაში სამუშაოდ გამგზავრება უნდა უზრუნველეყო. ანანდანიმ და კიდევ ორმა მისმა თანამგზავრმა მეგობარს, ჯამში, 21 000 დოლარი გადაუხადეს, თუმცა, როგორც თავად ამტკიცებს, მეგობარმა ფული გამოართვა და ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ მათ მიიღეს საქართველოში ბინადრობის უფლება და ევროპაში ჩასასვლელად სხვა გზების ძიება დაიწყეს.

მისი თქმით, ინტერნეტით იპოვეს მანანა ჟორდანია, რომელიც საზღვარგარეთ სამსახურის პოვნაში და ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა. ჟორდანია ინგლისურად ვერ საუბრობს, ამიტომ მის ქმარს, კონსტანტინე გიგიტაშვილს ესაუბრებოდნენ.

“კონსტანტინემ მითხრა, რომ ამ საქმეში დიდი ხნის გამოცდილება აქვს და გამიკეთებდა ისეთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის დახმარებითაც საელჩოში უარს ვერ მეტყოდნენ. მეუბნებოდა, რომ 100%-იან გარანტიას მაძლევდა. ვიცოდი, რომ ინდოელებისთვის ვიზის მიღება ძალიან რთულია, მაგრამ ის მარწმუნებდა, რომ პრობლემა არ იქნებოდა. მან მე 1 000 ევრო მომთხოვა. მითხრა, რომ პროცედურას 3 კვირა დასჭირდებოდა,” – ამბობს კალიან ანანდანი.

კალიან ანანდანი ნეტგაზეთის რედაქციაში 13.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კალიან ანანდანი ნეტგაზეთის რედაქციაში 13.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

[gray_box]როგორ შეიძლება დასაქმდეს საქართველოდან ჩასული მიგრანტი პოლონეთში?[/gray_box]

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2009 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ხელშეკრულების – “პარტნიორობა მობილურობისთვის“ ფარგლებში საქართველოსა და კიდევ 4 ქვეყნის მოქალაქეების (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა) პოლონეთში დასაქმება შესაძლებელია ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. ხელშეკრულება ძალაში 2011 წლის 20 ივლისიდან შევიდა.

იმ შემთხვევაში, თუ პირს სურს მუშაობის გაგრძელება პოლონეთში 6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ, ან უნდა, რომ თავიდანვე იმუშაოს 6 თვეზე მეტი ვადით, დამქირავებელმა უნდა შეიტანოს პოლონეთში შესაბამის სტრუქტურაში განცხადება მუშაობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ამ დოკუმენტს შემდეგ საქართველოდან გამგზავრების მსურველი წარადგენს საელჩოში და მიიღებს ვიზას. ასევე, დამსაქმებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ იმ ვაკანტური ადგილის დაკავების სურვილი, რომელზეც უცხოელს ასაქმებს, პოლონეთის მოქალაქეებს არ გამოუთქვამთ.

პოლონეთის საელჩოში გვითხრეს, რომ პირებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის უფლება აქვთ, ასევე შეუძლიათ მიმართონ საელჩოს და განაცხადონ ნებისმიერი ტიპის ვიზის მოთხოვნის თაობაზე. მათ მიერ მოთხოვნილი ვიზის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს საქართველოში ბინადრობის უფლების მოქმედების ვადას. შესაბამისად, კალიან ანანდანს ლეგალურად შეეძლო საქართველოდან პოლონეთში გამგზავრება, რადგან მას ჰქონდა ქვეყანაში ბინადრობის უფლება.

[gray_box]როგორ უნდა დაესაქმებინა ინდოეთის მოქალაქეები “ევროაკადემიას” პოლონეთში?[/gray_box]

უცხოელებს პოლონეთში დამსაქმებელთა სააგენტოების ან შუამავალი დამსაქმებელი სააგენტოების შესახებ ინფორმაციის მოძიება ონლაინ ბაზაში შეუძლიათ. ეს სააგენტოები სხვადასხვა ქვეყნიდან სამსახურის მაძიებლებს ემსახურებიან. ბაზაში იძებნება ასევე მანანა ჟორდანიასა და მისი პოლონელი პარტნიორის კატარინა ვარაპაის ვარშავაში 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია “Euroacademy SP ZOO”.

“ევროაკადემიის” ოფისი თბილისში, სულხან-საბას N5-ში, ერთ-ერთ იტალიური ეზოში, პატარა ოთახშია განთავსებული. მას საქართველოში ჟორდანია და გიგიტაშვილი წარმოადგენენ. ოფისს არ აქვს ბანერი და მისი მიგნება მეზობლების გამოკითხვითაა შესაძლებელი.

გიგიტაშვილისა და ჟორდანიას კომპანიის "ევროაკადემია" ოფისი თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გიგიტაშვილისა და ჟორდანიას კომპანიის “ევროაკადემია” ოფისი თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

უფასო განცხადებებს საკუთარი სერვისის შესახებ ინტერნეტში და გაზეთებში აქვეყნებენ. ერთ-ერთ ასეთ განცხადებაში, რომელშიც კონკრეტულად სააგენტოს სახელი მითითებული არ არის, თუმცა საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი გიგიტაშვილისა და ჟორდანიას კომპანიისას ემთხვევა – ვკითხულობთ, რომ მსურველებს პოლონეთში “ფაბრიკა-კომბინატებში, საფერმერო მეურნეობებში, მშნებლობებზე, მძღოლებად, ხის დამუშავებაზე, რესტორან-სასტუმროებში და სხვა” ადგილებზე დაასაქმებენ. ასევე “დროებითი ჩაწერით” და სამუშაო ნებართვით უზრუნველყოფენ. განცხადებები მხოლოდ ქართულ ენაზე იძებნება.

[gray_box]ანანდანი VS ჟორდანია/გიგიტაშვილი[/gray_box]

კონსტანტინე გიგიტაშვილმა და მანანა ჟორდანიამ ოფიციალურ კომენტარზე უარი გვითხრეს. ისინი ყველა ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ თავად არიან დაზარალებული მხარე. პირად საუბარში გიგიტაშილმა განგვიმარტა, რომ კალიან ანანდანს მათი კომპანია დაეხმარა, პოლონეთში დაერეგისტრირებინა ფირმა და მიეღო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ ანანდანს პოლონეთში მცირე ბიზნესი და, შესაბამისად, სამსახური ჰქონდა. ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა ვიზის მიღება.

კალიან ანანდანი კი ამტკიცებს, რომ ფირმის შესახებ არაფერი იცოდა. მას უბრალოდ უთხრეს, რომ თანხას იხდიდა ვიზის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტში. ფირმის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც 8-თვიანი ლოდინის შემდეგ დოკუმენტი მიიღო და გიგიტაშვილმა აუხსნა, რა უნდა ეთქვა საელჩოში. საელჩომ მას ვიზა არ მისცა.

გიგიტაშვილი ამტკიცებს, რომ ანანდანიმ ვიზა ვერ მიიღო, რადგან სავიზო აპლიკაციას არასწორად ავსებდა. ამბობს, რომ აპლიკაციებს მისი კლიენტებისათვის სპეციალურად ავსებინებს “სხვას”, თუმცა ანანდანი არ დაელოდა და დამოუკიდებლად შეიტანა საბუთები საელჩოში. მან ასევე უარი განაცხადა თავიანთი ადვოკატის მომსახურებაზე.

“ამის შემდეგ მან მითხრა, რომ კიდევ გადამეხადა მისთვის თანხა და ამჯერად მომცემდა ისეთ დოკუმენტს, რომლითაც ავიღებდით ვიზას. ამის შემდეგ ვიხდიდი, რამდენსაც მომთხოვდნენ. მათ კიდევ მომცეს დოკუმენტი, თუმცა საელჩომ ვიზა არც ერთხელ მომცა,” – ამბობს ანანდანი.

ანანდანის თქმით, ამავდროულად, მანანა ჟორდანიამ მას უთხრა, რომ პოლონეთში სამსახურის მოძებნაში სხვებსაც დაეხმარებოდა. ამ დაპირების შემდეგ კალიან ანანდანიმ შეკრიბა 10-კაციანი ჯგუფი და ინდოეთიდან ბათუმში ჩამოიყვანა.

“ბათუმში მათ შეკრიბეს თანხა. ზოგმა 500 დოლარი გადაიხადა, ზოგმა -1000, ზოგმაც- 1000 ევრო. ჯამში, დაახლოებით 15 000 დოლარი გადავუხადე ჟორდანიას,” – ამბობს ანანდანი.

გამოძიებისათვის გადაცემული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კალიან ანანდანმა ჟორდანიასა და გიგიტაშვილს სხვადასხვა დროს, ჯამში, 4000 ლარი, 18 150 ევრო და 760 აშშ დოლარი გადაურიცხა. მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ერთიანად 15 000 დოლარის გადარიცხვა არ ფიქსირდება. იმ ხარჯების ჩათვლით, რაც მისივე მტკიცებით 10-კაციანი ჯგუფის საქართველოში ჩამოყვანა და შენახვა დაუჯდა, ანანდანი ცოლ-ქმარს 30 000 ევროს ედავება.

კალიან ანანდანისათვის შეთავაზებული პირობის თანახმად, პოლონეთში ჩასვლის შემდეგ, გიგიტაშვილის ადვოკატის დახმარებით, ინდოეთის მოქალაქეები პოლონეთში ბინადრობის უფლებას მიიღებდნენ 3 წლით.

პოლონეთში გასამგზავრებელი ვიზა ვერც კალიან ანანდანიმ და ვერც ჯგუფის წევრებმა მიიღეს. ანანდანი თბილისში რჩება, ხოლო დანარჩენები ინდოეთში ბრუნდებიან.

ჟორდანია და გიგიტაშვილი კი აცხადებენ, რომ კალიან ანანდანს მათი ვალი აქვს და ხელშეკრულებით განსაზღვრული, მათი მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხები მათთვის არ გადაუხდია. ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ცილისწამებისათვის ისინი ინდოეთის მოქალაქეს საქალაქო სასამართლოში უჩივლებენ.

პოლონეთის საელჩოში აცხადებენ, რომ აპლიკანტებს ვიზის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საელჩოს განცხადებით და მოითხოვონ განმარტება, თუმცა განმარტება ზოგადია. ასევე, საბოლოო გადაწყვეტილება კონსულის პირად პოზიციაზეა დამოკიდებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმეზე წინასაგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი