“კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის” დამფუძნებელი გიორგი ანდრიაძე “გირჩის” რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ანდრიაძე მიიჩნევს, რომ “ბიბლიური თავისუფლების” გამო დიდი ზიანი ადგება ქართულ ჯარს და მართლმადიდებელ ეკლესიას. რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია კი, ანდრიაძის აზრით, კანონდარღვევით მოხდა:
“გირჩმა დააარსა რელიგიური ორგანიზაცია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. უკანონოდ მოხდა მისი რეგისტრაცია, რითაც დიდი ზიანი მიადგა ჯარს და დარტყმა მიადგა საქართველოს ეკლესიას.
იმის გამო, რომ არარსებულ, გამოგონილ შარლატანურ ორგანიზაციაში ხდება ახალგაზრდების ჩაწერა, ისინი ვერ მიდიან ჯარში და ისინი ფორმდებიან ამ სექტაში. ეს ყველაფერი მოხდა კანონდარღვევით, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და ის მოვალეა, გააუქმოს”, – ამბობს ანდრიაძე.
მისი თქმით, როდესაც თავად დააფუძნა “კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესია”, რეგისტრაციისას მას მოსთხოვეს, წარმოედგინა ლიტერატურა, რომ ასეთი ორგანიზაცია მართლაც არსებობდა. ანდრიაძე ამბობს, რომ “ბიბლიური თაივსუფლების” შემთხვევაში, ანალოგი არ არსებობს, გამოგონილი ორგანიზაციის რეგისტრაცია კი, მისი თქმით, კანონდარღვევაა:
“როდესაც ჩვენ დავარეგისტრირეთ “კატაკომბური ეკლესია”, რომელიც არის ისტორიულად ჩამოყალიბებული მოვლენა და ამაზეა უამრავი ლიტერატურა, რეგისტრაციის ორგანო ითხოვდა ჩვენგან რამდენიმე ჩასწორებას. ასევე მოგვთხოვეს ლიტერატურის წარდგენა.
ეს ლიტერატურა ინტერნეტში იძებნება. მსგავსი ტიპის სამეცნიერო ლიტერატურა რომ არსებობს, გირჩის მიერ დაარსებული ორგანიზაციის ანალოგი, არ არსებობს. ჩვენი კანონმდებლობით გამოგონილი შარლატანური ორგანიზაციის რეგისტრაცია არ შეიძლება”, – თქვა ანდრიაძემ.