არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

განაჩენის გამოცხადებამდე დასკვნითი სიტყვა თქვა ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პროკურატურის ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნები. გარდა ამისა, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 48-საათიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს ბრალი. დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მისთვის ბრალის წარდგენამდე ჩატარდა და საქმე “თეთრი ძაფით შეიკერა”.

მეტი დეტალი ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან და პროკურორის საპასუხო რეპლიკები, წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” ლაივ-ბლოგში ამ ბმულზე.

მუსელიანცს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

პროკურორი ანი ხუბეჯიშვილი მას ედავებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას.

ჯერ კიდევ დეკემბერში, მუსელიანცისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ნეტგაზეთს უყვებოდა, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აიძულებდნენ, დაესახელებინა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორც წამხალისებლები და დავალების მიმცემები.

„ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს, რისთვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებინათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი”, – ამბობდა დიმიტრი ვარდიშვილი არჩილ მუსელიანცის პატიმრობის პირველ თვეებში.

ამავე თემაზე: