ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში – ინაშვილი

24 აგვისტო, 2020 • 2258
ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში – ინაშვილი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ადასტურებს აფხაზეთში ვიზიტს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ, თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

მოგვიანებით აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“, რომელიც ქართულ მხარესთან ნებისმიერი დიალოგის მოწინააღმდეგეა, ლიდერებისგან განმარტება მოითხოვა „პატრიოტთა ალიანსთან“ შესაძლო „საიდუმლო ვიზიტთან“ დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას უპასუხა  დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მრჩეველმა, ლაშა საქანიამ და ჯერ უარყო მათთან მოლაპარაკებები, შემდეგ კი განაცხადა, რომ შეხვდა მათ, თუმცა მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: „მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“… 

ლაშა საქანიამ განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში „ჰუმანიტარული მისიით“ ჩავიდნენ.

„აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან ჩემი ძველი მეგობრები დამიკავშირდნენ თხოვნით, დახმარება გამეწია საქართველოდან ილორის ტაძარში ღვთისმშობლის ხატის გადმოცემის საკითხში. მათ, თავის მხრივ, დავით თარხან-მოურავი დაუკავშირდა. შესაბამისად, ჩემი რუსი მეგობრები აღნიშნულის ორგანიზებისთვის მე დამიკავშირდნენ“, – თქვა მან.

„არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. მე ვთხოვე ალექსანდრ აგრაბას, ჩემთან ერთად წამოსულიყო. ეს იყო ჰუმანიტარული აქცია და რაიმე პოლიტიკური სარჩული ამას არ აქვს. გადმოგვცეს ხატი, ილოცეს და ამით ვიზიტი დასრულდა“, – განაცხადა საკანიამ.

„თუ საჭიროა, შეგვილია ანიხაზე წავიდეთ და დავიფიცოთ, რომ არანაირი პოლიტიკური მოლაპარაკება არ ყოფილა ჩვენ შორის“, – განაცხადა ბჟანიას მრჩეველმა.

`ვაცნობიერებ, რომ საქმის კურსში არ ჩამიყენებია არც გალის, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, სწორედ იმიტომ, რომ ამ ღონისძიებისთვის რაიმე ოფიციალური სტატუსი არ მიგვენიჭებინა“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი