ახალი ამბები

საპატრიარქო “ბიბლიური თავისუფლების” ყოფილ წევრებს ეკლესიაში დაბრუნების წესს სთავაზობს

13 მარტი, 2021 • 1113
საპატრიარქო “ბიბლიური თავისუფლების” ყოფილ წევრებს ეკლესიაში დაბრუნების წესს სთავაზობს

პარტია “გირჩის” მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, “ბიბლიური თავისუფლების” იმ წევრებმა, რომელთაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში “დაბრუნება” სურთ, “სინანულის ფურცელს” უნდა მოაწერონ ხელი: ამ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ინსტიტუციის თქმით, “დაბრუნების” მსურველებმა პირველ რიგში  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერ მღვდელმსახურს უნდა მიმართონ და  განუცხადონ “თავიანთი სურვილი ეკლესიის წიაღში დაბრუნების შესახებ.

მას შემდეგ, რაც მღვდელი პირის “სინანულში” დარწმუნდება, ის შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, “დაბრუნებული” კი ე.წ. სინანულის ფურცელზე ხელმოწერით დაამოწმებს საკუთარ გადაწყვეტილებას. დასასრულს, სასულიერო პირი “შენდობის ლოცვას” უკითხავს პირს და მის სახელზე ე.წ. შენდობის ფურცელს გასცემს პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით.

“გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” იმ მიზნით დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს. “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობით ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურს უვადებენ.

საპატრიარქომ ორგანიზაციის მიმართ თავისი დამოკიდებულება არაერთგზის დააფიქსირა, 1 თვის წინ კი მიტროპოლიტმა დანიელმა ისიც თქვა, რომ “ბიბლიური თავისუფლების” წევრებს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

მანამდე, 2019 წელს, ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის კაცის ოჯახს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წესის აგებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ის სხვა ეკლესიის წევრი სიცოცხლეში გახდა და აღნიშნული არ მოუნანიებია. გარდაცვლილს სწორედ “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურის ცნობა ჰქონდა აღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი