ახალი ამბები

თენგო ერისთავის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

7 ოქტომბერი, 2014 •
თენგო ერისთავის საქმეზე პროკურატურამ პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო უწყების ცნობით, შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. 


“ბრალდების მხარემ მიიჩნია,  რომ  საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას  და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა  2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება. ერისთავის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და მას ნარკოტიკული საშუალებები პოლიციელებმა ჩაუდეს. თენგიზ ერისთავი 2 სექტემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარია. აბაშიძის ქუჩაზე თავდასხმა ლაშა მახარაძეზე საცხოვრებელი კორპუსის წინ მოხდა, – ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა.

 

“გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი