ახალი ამბები

ქარტია ითხოვს “ჰერეთის” ჟურნალისტის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას

9 აპრილი, 2019 • 888
ქარტია ითხოვს “ჰერეთის” ჟურნალისტის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება რადიო “ჰერეთის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მის ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი მესხიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული ინციდენტის შესწავლა და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება. ქარტიისთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ ჟურნალისტს ჰქონდეს რწმენა, რომ შეუძლია ინფორმაციის თავისუფლად მოპოვება და გავრცელება.

“მედიის ფუნქციაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი, კანონდარღვევის მხილება და, შესაბამისად, კრიტიკული მასალების მომზადება. ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია, ყოველი ასეთი შემთხვევა იყოს დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებული”, – აცხადებს ქარტია.

შესაბამისად, ქარტია მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, გამოიძიოს შემთხვევა, რომელზეც რადიო “ჰერეთი” საუბრობს და აცნობოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები.

მასალების გადაბეჭდვის წესი