ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ პარტიის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკაში წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ მისი მეგობრები.
“მორიგი ჭორია, რომელსაც ყოველწლიური სახე მიეცა მედიის მხიდან”, – უთხრა ნეტგაზეთს ლევან ვასაძის მეგობარმა ზვიად ტომარაძემ. ტომარაძე დემოგრაფიული განვითარების ფონდის წარმომადგენლია, რომლის სამეთვალყურეო საბჭოსაც ვასაძე ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ არ ადასტურებს მისი კიდევ ერთი მეგობარი სოსო მანჯავიძე, რომელიც თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრია.
“მოკლედ, ერთი ვაი-უშველებელი ატყდა ლევან ვასაძის “პოლიტიკაში შემოსვლასთან” დაკავშირებით. ჯერ ერთი, ლევანი თვითონ საუბრობს საჯაროდ საკმაოდ ხშირად. თუ გადაწყვეტს, ის თავად იტყვის ამის შესახებ. თუმცა ასეთი რამ არც პირად საუბრებში უთქვამს თავისი მეგობრებისათვის, რომელთა რიცხვს მეც ვეკუთვნი”, – აცხადებს მანჯავიძე.
გასულ წლებში ვასაძეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს.