თბილისის მერის დავალებით, შპს „ჰერმესმა“ მერიის იურიდიულ სამსახურთან ერთად უნდა მოამზადოს მთავრობის გადაწყვეტილება სარიტუალო მომსახურებაზე ერთიანი ტარიფის დაწესებასთან დაკავშირებით. დავით ნარმანიას თქმით, დღემდე სარიტუალო მომსახურებაზე ტარიფების ნაწილს მთავრობა, ნაწილს კი „ჰერმესი“ ადგენს. მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, ამ მიმართულებით ერთიანი მიდგომა იყოს.
ამის გარდა, „ჰერმესის“ ხელმძღვანელობას სასაფლაოებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურს კი ამისთვის საჭირო საპროექტო დუკუმენტაციის მოსამზადებლად 10 დღის ვადაში წინადადებების წარდგენა დაევალა.
სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად წინადადებების წარდგენა ერთობლივად დაევალათ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, „ჰერმესსა“ და „GWP“-ს; მერიის დასუფთავების სამსახურს დაევალა დამატებითი ბუნკერების განთავსება, უშუალოდ სასაფლაოების შიდა პერიმეტრიდან ნარჩენების გატანაზე კი პასუხისმგებელი „ჰერმესი“ იქნება.
მერიის განცხადებით, კლდეების ნაშალი ან სხვა სამშენებლო ტიპის ნარჩენები დროებით გამოყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება, ვიდრე არ გაკეთდება სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ნაგავსაყრელი, რაზეც სამომავლოდ გადასახადი დაწესდება.
დავით ნარმანიას დავალებით, ოპერატიულად გადასაჭრელ საკითხებზე „ჰერმესმა“ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან უმეტეს შემთხვევაში დაკრძალვა გარდაცვალებიდან 3-4 დღეში ხდება და ბიუროკრატიული მანქანა ვერ უზრუნველყობს ყველა დოკუმენტის დროულად მომზადებას. „ჰერმესთან“ ერთად ამ დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელი მერიის ქონების მართვისა და სოციალური სამსახურები იქნებიან.
„ჰერმესს“ ასევე დაევალა, არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებით, მოამზადოს სარიტუალო სახლების პროექტი. ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, გაამკაცროს კონტროლი შემოერთებულ დასახლებებში განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც თვითნებურად ხდება ტერიტორიების მითვისება და საფლავებისთვის ადგილების აღება. იქ, სადაც უკვე ივსება სასაფლაოები, „ჰერმესმა“ და ქონების მართვის სამსახურმა ახალი ტერიტორიების გასხნაზე წინადადებები უნდა წარმოადგინონ.