ახალი ამბები

რეესტრმა სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გასვლის დოკუმენტაცია დაახარვეზა

5 აპრილი, 2019 •
რეესტრმა სამეთვალყურეო საბჭოდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გასვლის დოკუმენტაცია დაახარვეზა

საჯარო რეესტრმა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და წესდების ცვლილების შესახებ დოკუმენტების სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა.

როგორც საჯარო რეესტრი განმარტავს, “თიბისი ბანკის” მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვინაიდან:

  1. წესდებაში განხორციელებული ცვლილების შინაარსი ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დანაწესს. კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდების 5.2.4. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “საერთო კრებას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში- ერთ-ერთი დირექტორი”. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად კი, საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება.
  2. საერგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდების 5.3.11. პუნქტის მიხედვით, „დაკავშირებულ მხარეებს შორის დადებულ გარიგებებთან მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობის ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით სამეთვალყურეო საბჭო სულ მცირე 6 (ექვსი) წევრის თანხმობით ამტკიცებს ნებისმიერი დაკავშირებული მხარის გარიგების დადებას, გარდა შვილობილ კომპანიასთან გარიგებისა.“ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, სამეთვლაყურეო საბჭოს შემადგენლობაში რჩება 4 წევრი. შესაბამისად, რეესტრის შეფასებით, წესდების ზემოაღნიშნული დანაწესი შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი რეგისტრირებულ მონაცემებთან.

საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა განისაზღვროს.

შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებითი სარეგისტრაციო დოკუმენტი “თიბისი ბანკმა” უკვე წარადგინა.

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, “თიბისი ბანკის” მენეჯმენტში განსახორციელებელი ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ერიკ რაჯენდრას გასვლას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ხაზარაძე-ჯაფარიძემ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებაზე აქციონერებს ოფიციალურად მიმართეს

მასალების გადაბეჭდვის წესი