ახალი ამბები

ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტის შერბილება შეინიშნებოდა – გვენეტაძე

5 აპრილი, 2019 • 684
ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტის შერბილება შეინიშნებოდა – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, მართალია, იპოთეკური სესხების წილი ჭარბვალიანობაში დაბალი იყო, თუმცა ე.წ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები მასზე მაინც გავრცელდა.

გვენეტაძე განმარტავს, რომ ამ ტიპის სესხებს თავიდან დეფოლტის დაბალი დონე ახასიათებს, თუმცა, თუ სესხის გაცემა ასე გაგრძელდებოდა, პორთფელში დეფოლტის დონე გაიზრდებოდა. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა დღეს, 5 აპრილს, პარლამენტში განაცხადა.

“დეველოპერები ხშირად სვამენ კითხვას, თუ რატომ გავრცელდა ეს რეგულაციები იპოთეკურ სესხებზე, მაშინ როცა ამ პორთფელში დეფოლტის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალინობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტის შერბილება შეინიშნებოდა. იპოთეკური სესხები, განსაკუთრებით კი, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესსხები, ბოლო ორი წლის მანძილზე, მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. საშუალო წლიური ზრდა 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია. იპოთეკური სესეხისთვის საწყის პერიოდში დამახასიეთებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა სესხების უპასუხისმგებლო გაცემა უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, რაც მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს გამოიწვევდა. თუ გავიხსენებთ 2014-2015 წლების სიძნელეებს, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებით იყო გამოწვეული, უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების პორთფელის შენარჩუნება რესტრუქტურაზაციითა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებით მოხდა, დროის ნებისმიერ მონაკვეთში ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს,”-აცხადებს კობა გვენეტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი