ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.
მათივე ინფორმაციით, ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:
- პოლონეთი – 39% (1032400 ბოთლი),
- ჩინეთი – 23% (1372839) და აშშ – 165% (182025);
ასევე, ევროპის მიმართულებით:
- ლიტვა – 21% (134376);
- ესტონეთი – 18% (142112);
- საფრანგეთი – 41% (34170);
- შვედეთი – 313% (9000);
- ბულგარეთი – 161% (4500);
ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:
- რუსეთი – 15% (13279083);
- ბელარუსი – 36% (317280);
- მონღოლეთი – 7% (66012) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია:
- რუსეთი (13279083);
- უკრაინა (1419222);
- ჩინეთი (1372839);
- პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460).
სააგენტოს ინფორმაციით, ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული“ – 3677356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“ – 1209406, „წინანდალი“ – 890458, „ახაშენი“ – 422220, „ხვანჭკარა“ – 226072 და ა.შ.
წლის დასაწყისში, როგორც სააგენტო გვაცნობებს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, ღვინის სააგენტოს განცხადებით, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 74%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მათი ცნობით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 12,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 71%).
სააგენტოს განცხადებით, მსოფლიოს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 118 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. მათი ინფორმაციის თანახმად, ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 323 ათასი აშშ დოლარია (ზრდა 153%).
მთლიანობაში, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, პირველ კვარტალში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67,7 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ს აღწევს.