ახალი ამბები

ერდოღანის პარტია სტამბოლს აგებს, თუმცა სამადლობელ ბანერებს მაინც აკრავს

4 აპრილი, 2019 • 901
ერდოღანის პარტია სტამბოლს აგებს, თუმცა სამადლობელ ბანერებს მაინც აკრავს

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ამჟამინდელი მონაცემებით, სტამბოლში, ადგილობრივ არჩევნებში, ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის გიგანტური სამადლობელი ბანერები ქალაქში მაინც ჩამოჰკიდეს. უკვე დღეს, 4 აპრილს, არც ოპოზიციის პასუხმა დააყოვნა.

“გმადლობ, სტამბოლო!” – ბანერები ამ შინაარსით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ბინალი ილდირიმის გამოსახულებით, ქალაქში ჯერ კიდევ კვირას, არჩევნების ღამეს გამოჩნდა. ამავე ღამეს ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” კანდიდატმა ილდირიმმა სტაბოლის არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა – ის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს დაეყრდნო, რომელიც მოკლე ხანში “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს სასარგებლოდ შეიცვალა.

ოპოზიციის კანდიდატი მმართველი პარტიის ქმედებას იმავე ღამეს გამოეხმაურა. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში ექრემ იმამოღლუ აღნიშნულს “შუაღამის ბანერების ოპერაციას” უწოდებს და ადამიანების აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს მას. ის თავს უკვე ცნობს სტამბოლის მერად.

თურქული მედიის მიერ დღეს, 4 აპრილს გავრცელებული ცნობების თანახმად, მმართველი პარტიის ზემოაღნიშნულ ქმედებას სტამბოლის ერთ-ერთ უბანში იმამოღლუს სამადლობელი ბანერის გაკვრით უპასუხეს.

თურქეთის საარჩევნო უწყების ბოლო ცნობების თანახმად, ოპოზიცია სტამბოლში 25 000 ხმით იმარჯვებს, თუმცა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია სტამბოლში კონკურენტის გამარჯვებას არ აღიარებს. პარტიის მოთხოვნით, ოთხშაბათს ქალაქის 18 საარჩევნო უბანზე ხმების ხელახალი დათვლის პროცესი დაიწყო. ხმების ხელახალი გადათვლა ნაწილობრივ დასრულებულია და ოპოზიციის თანახმად, მისი კანდიდატი კვლავ ლიდერობს, დაახლოებით, 20 000 ხმით.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. წინასწარი შედეგების თანახმად, რომელთა მთავარი წყაროც სახელმწიფო მედიაა, ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილზე ის კონტროლს კარგავს.

წინასწარი შედეგების თანახმად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატები ლიდერობენ სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ანტალიაში, მერსინსა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში.

ჯამში, ხმათა საერთო რაოდენობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” პირველობას ინარჩუნებს: სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მას 44.33% აქვს. მეორე ადგილზე “რესპუბლიკური პარტიაა” 30.12%-ით, მესამე პოზიციაზე კი მემარჯვენე “კარგი პარტია” 7.45%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი