ახალი ამბები

ანკარაში ოპოზიცია იმარჯვებს – თურქეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები

1 აპრილი, 2019 • 2289
ანკარაში ოპოზიცია იმარჯვებს – თურქეთის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი შედეგების თანახმად, რომელთა მთავარი წყაროც სახელმწიფო მედიაა, ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილზე ის კონტროლს კარგავს.

წინასწარი შედეგების თანახმად, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი, მანსურ იავაში ხმათა 3%–ზე მეტით უსწრებს კონკურენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან”. ამავე ცნობებით, ოპოზიციის კანდიდატები იმარჯვებენ იზმირში, ადანაში, ანტალიასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში. რაც შეეხება კიდევ ერთ დიდ ქალაქ ბურსას, აქ მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს.

ყველაზე დაძაბული ვითარება, კანდიდატებს შორის განსხვავების კუთხით, ამჟამად, სტამბოლშია. წინასწარი შედეგებით, აქ მთავარი ოპოზიციური ძალის კანდიდატი თითქმის 0.5%–ით ჩამორჩება ერდოღანის პარტიის კანდიდატს. თუმცა, “რესპუბლიკური პარტიის” განცხადების თანახმად, სახელმწიფო მედია ციფრებით მანიპულირებს და იმ შედეგებით, რომელსაც ოპოზიცია საარჩევნო კომისიიდან იღებს, სტამბოლში ერდოღანი მარცხდება. ამ განცხადებიდან მალევე, პარტიამ გაავრცელა ცნობა, რომ საარჩევნო კომისიიდან შედეგების მიწოდება შეუწყდა.

ჯამში, ხმათა საერთო რაოდენობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” პირველობას ინარჩუნებს: სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მას 45.2% აქვს. მეორე ადგილზე “რესპუბლიკური პარტიაა” 30.2%–ით, მესამე პოზიციაზე კი მემარჯვენე “კარგი პარტია” 7.3%–ით.

ესაა პირველი ადგილობრივი არჩევნები, რომელიც თურქეთის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლისა და ერდოღანის ხელში უპრეცენდენტოდ დიდი ძალაუფლების თავმოყრის პირობებში ტარდება.

თუმცა, გასაჭირში მყოფმა თურქეთის ეკონომიკამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, შესაძლოა, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას: პირველად, 2009 წლის შემდეგ, თურქეთში ეკონომიკური რეცესია ფიქსირდება. გასულ კვირას, თურქული ლირა დოლართან მიმართებით 5.6%-ით გაუფასურდა, გასულ წელს კი – 36%-ით. ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, უმუშევრობისა კი – 11%-ს, რომლის პირობებშიც, euronews-ის თანახმად, თურქეთში მცხოვრებ 5 ახალგაზრდას შორის 1 უმუშევარია.

ადგილობრივი არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ძალაუფლება არ შესუსტდება. თუმცა, სპეციალისტთა აზრით, დიდი ძალაუფლების ფლობის პირობებში, ერდოღანისათვის ეს არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, რომელიც ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების ფონზე, მისდამი ნდობის მაჩვენებელს გამოცდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი