შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლების მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს დასხდნენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ ადგილზე მთავრობის წევრები არ მივლენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს დროს 23:00-მდე აძლევენ.
ამჟამად აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან, ვაკეში, იმ შენობასთან იმყოფებიან, სადაც 31 მარტს, მუშაობისას, 2 ადამიანი დაიღუპა. ისინი თბილისის მერს, კახა კალაძეს, ასევე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და გიორგი ქობულიას – მოუწოდებენ, ასევე მივიდნენ ადგილზე.
მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადანაცვლებამდე აქციის მონაწილეები თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბნენ და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუყოვნებლივი გამკაცრება, ასევე, შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედება მოითხოვეს.
აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან მიიტანეს და გაშალეს პლაკატები, წარწერით “სიკვდილით სავსე ქალაქი”, “არა ბიზნესის დიქტატურას”, “მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია”, “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ”, “მთავრობამ მიგვატოვა” და ა.შ