შრომის უფლებები ომბუდსმენის ანგარიშში

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის საანგარიშო პერიოდში უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩებოდა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა.

დოკუმენტის მიხედვით, პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა.

“ამავე დროს, მწვავე შეფასება დაიმსახურა კანონპროექტმა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას. მსგავსი შემთხვევიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მიეთითოს, რომ აუცილებელია კანონმდებლებმა ყოველთვის გაითვალისწინონ პროფესიული საჯარო სამსახურის სტაბილურობა, მოხელეების შრომითი უფლებები და საჯარო სამსახურის სისტემის საფუძვლად არსებული პრინციპები”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

შრომის უსაფრთხოება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება. შესაბამისად, ომბუდსმენის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას დასაქმების ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული შემაშფოთებელი ვითარება არ გაუუმჯობესებია, “რაც მისი არსებითი ნაკლოვანებებით იყო განპირობებული”. ომბუდსმენის შეფასებით, მართალია, კანონით რიგი მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაინერგა, თუმცა შესაბამისი რეგულაციების აღსრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი ეფექტიანი ინსპექციის სისტემით – ზედამხედველობის ორგანოს არ ჰქონია მინიჭებული დასაქმების ადგილებზე უპირობო დაშვების მანდატი.

“წინ გადადგმული ნაბიჯია 2019 წლის თებერვალში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მოქმედება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. ამავე დროს, შრომის ინსპექტორებს მოეხსნებათ სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვები. ამგვარად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, შინაარსობრივი მისადაგების მიუხედავად, აღნიშნული სტანდარტების დამდგენი კონვენციები საქართველოს ამ დრომდე არ აქვს რატიფიცირებული. ამ კუთხით, დროული ნაბიჯების გადადგმა უპირობო აუცილებლობად რჩება იმის გათვალისწინებითაც, რომ მათი რატიფიკაციის საკითხი ჯერ კიდევ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან არის ხაზგასმული ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ამავე დროს, აღნიშნული სტანდარტების მიხედვით, შრომის ინსპექციის სისტემა, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან ერთად, შრომის პირობებთან დაკავშირებული სხვა დებულებების აღსრულებასაც (სამუშაო საათები, ხელფასი, დასვენების დრო და სხვ.) უნდა მოიცავდეს”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე ჩატარებული შემოწმება

შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შემოწმების ინსტრუმენტად კვლავ რჩება შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 213 ობიექტი შემოწმდა.

2018 წლის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი, რის შედეგადაც შრომის ინსპექტორებს, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან ერთად, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმების უფლებამოსილება მიენიჭათ. თუმცა, ომბუდსმენის განცხადებით, ამ ნაწილში პროგრამაში ჩართვასა და შემოწმების გავლაზე თანხმობა (რაც აუცილებელია პროგრამის ფარგლებში შემოწმების გასავლელად) მხოლოდ 10-მა ორგანიზაციამ (შემოწმდა აღნიშნული დაწესებულებების 50-მდე ობიექტი) გამოხატა.

ომბუდსმენის მიხედვით, შემოწმების შედეგად, სისტემურ დარღვევებად გამოვლინდა:

  • სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეუსაბამობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებთან,
  • შვებულების მიცემის წესის დარღვევა
  • ანაზღაურების გაცემის წესის დარღვევა.

პროგრამის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული შემოწმებით კი, ომბუდსმენის განცხადებით, რიგ ობიექტებზე გამოვლინდა შემდეგი სისტემური დარღვევები:

  • რისკების შეფასების არარსებობა,
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოუყენებლობა,
  • კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა,
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის არარსებობა,
  • კუსტარული დანადგარების გამოყენება,
  • სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობა,
  • ელექტროუსაფრთხოების დაუცველობა,
  • ტრავმატიზმის ჟურნალის არარსებობა,
  • სწავლება/ტრენინგების ჩაუტარებლობა,
  • პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლების არარსებობა,
  • საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმის არარსებობა,
  • წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩაუტარებლობა,
  • მანქანა-დანადგარების გაუმართაობა,
  • მიკროკლიმატის პარამეტრების დაუცველობა,
  • მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა,
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.

“სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ ობიექტებზე განმეორებითი მონიტორინგი არ ჩატარებულა, რაც ართულებს შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას, ვინაიდან შეუძლებელია რეკომენდაციათა შესრულების მაჩვენებლის დადგენა”.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩატარებული შემოწმება

2018 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დებულებები და განისაზღვრა მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი.  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან ომბუდსმენის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გასული პერიოდის განმავლობაში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში 139 ობიექტი შემოწმდა, მათგან განმეორებითი ვიზიტი განხორციელდა 29 დაწესებულებაში,

“რომელთაგან 9-ში (31%) გაცემული მითითებები სრულად იყო გათვალისწინებული, ხოლო 20 კომპანიას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000-დან 8000-მდე ლარის ფარგლებში. სამუშაო პროცესის შეჩერების მექანიზმი არცერთი საწარმოს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული. მაშინ როცა 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში განმეორებით შემოწმებული 33 საწარმოდან, გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, დარღვევები სრულად იყო აღმოფხვრილი მხოლოდ 2 ობიექტზე (6%). ამდენად, არსებული მონაცემების სიმწირის მიუხედავად, მითითებათა შესრულების მაჩვენებელი ხაზს უსვამს კანონით გათვალისწინებული (და არა პროგრამის ფარგლებში) სანქცირების მექანიზმის ეფექტიანობას”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

სამუშაო ადგილებზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ომბუდსმენის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად აღემატება. აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. ამდენად, ომბუდსმენის თქმით, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება.

საქართველოს საერთო სასამართლოებიდან ომბუდსმენის მიერ გამოთხოვილი განაჩენების ანალიზით კი დგინდება, რომ 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე. საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოტანილი 3 განაჩენის ასლი სახალხო დამცველის აპარატს არ მიეწოდა.

“შესაბამისად, წინა წლებში გამოკვეთილი ტენდენციის მსგავსად, სახელმწიფო ამგვარ შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი რეაგირების კუთხით კვლავ არ ირჩევს მკაცრ პოლიტიკას”.

შრომითი უფლებები სპეციფიკური რეჟიმის სამსახურებში

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა განსაკუთრებული სახელმწიფო მმართველობითი საქმიანობის, ცალკეული გადაუდებელი დახმარების სამსახურებში – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და სსიპ „112“-ში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებები, კონკრეტულად კი, სამუშაო დროსთან დაკავშირებული საკითხები. ეს დაწესებულებები მიეკუთვნება 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მომუშავე სამსახურებს, რომელთა საქმიანობა სხვადასხვა სამართლებრივი აქტებით წესრიგდება.

ამ სამსახურების სამუშაო დროს, მათ შორის, არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც შრომითი პროცესი 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს ითვალისწინებს, კვირის განმავლობაში დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა შესაძლებელია აღემატებოდეს კანონით დადგენილ 40-საათიან ნორმას და განისაზღვროს არაუმეტეს 48 საათის ოდენობით.

“სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის No329 დადგენილებით, რომელიც სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურებისგან განსხვავებით, საპოლიციო ძალების ფუნქციონირებას არ ფარავს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პოლიციელებისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე, თუმცა, სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული არ წარმოადგენს საპატრულო პოლიციის სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დაწესებულებებიდან გამორიცხვის საფუძველს, რამდენადაც უწყების შრომითი პროცესი ასევე ითვალისწინებს 24-საათიანი ხანგრძლივობის უწყვეტ ფუნქციონირებას და ეს უწყება მართლწესრიგის დაცვის მნიშვნელოვან სახელმწიფო მმართველობით საქმიანობას ახორციელებს. სწორედ ანალოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე ექცევა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზემოხსენებული მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოწესრიგების სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ მათთვისაც, პოლიციელთა მსგავსად, სპეციალური კანონმდებლობა ადგენს არანორმირებულ სამუშაო დღეს”.

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის საქმიანობების მოწესრიგების კუთხით, ომბუდსმენის აზრით,  მნიშვნელოვანი პრობლემაა ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხის არსებული რეგულირება. საქართველოს შრომის კოდექსი ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევს დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებას დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერის ზოგადი ხასიათის მიუხედავად, ეს რეგულირება პრობლემური და ბუნდოვანია სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის შემთხვევაში, ვინაიდან ასეთი რეჟიმის დაწესებულებებისათვის დადგენილი 48-საათიანი სამუშაო კვირა მუდმივ საწარმოო საჭიროებებს უკავშირდება და არა – კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომლის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებას.

“კონკრეტულად უწყვეტ რეჟიმში მომუშავე სამსახურებისთვის მსგავსი დანაწესის არარსებობის პირობებში, ბუნდოვანია, რა ფარგლებში ექცევა მათი მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი რელევანტურია, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ „112“-ისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეების მიმართაც, ვინაიდან დასახელებულ სტრუქტურებში სამსახურის გავლის სპეციალური წესები ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხებს საერთოდ არ არეგულირებს და, შესაბამისად, ამ ნაწილში მათზე ავრცელებს საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედებას.

ასევე, საგულისხმოა ამ დაწესებულებებში არსებული რეალური სურათი, კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ცენტრში დასაქმებული უფროსი ექიმები (372), უმცროსი ექიმები (387), მძღოლები (373), ცვლის უფროსი ექიმები (4), ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები (12) და დამხმარე სპეციალისტები (5) ცვლებში 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დედაქალაქში გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს 97 სამედიცინო ბრიგადა – ცვლაში მუშაობს 97 უფროსი ექიმი, ამდენივე უმცროსი ექიმი და მძღოლი. დილის 10:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე მუშაობენ, აგრეთვე: 1 ცვლის უფროსი ექიმი, 3 ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი და 1 დამხმარე სპეციალისტი. სამედიცინო ბრიგადის თითოეული წევრისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა თვეში არანაკლებ 7 მორიგეობას შეადგენს, ხოლო ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა – 2-3 დღეს. ცვლებში მომუშავე თანამშრომლებისთვის განსაზღვრულია საათობრივი თანამდებობრივი სარგო; განსაზღვრული სამუშაო დღეების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაშიც, შესაბამისი შრომის ანაზღაურება დაიანგარიშება საათობრივი განაკვეთით; ხოლო თვეში 208 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაოს შესრულება ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და გაიცემა სახელფასო დანამატი”.

ანგარიშის მიხედვით, მსგავსად, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებული 2 525 მეხანძრე-მაშველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომელთა სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებს 1 დღე-ღამე მორიგეობის შემდეგ 48-საათიან დასვენებას.

“გასათვალისწინებელია, რომ საპატრული პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილისთვის (ქალაქ თბილისში) დადგენილია 12-საათიანი სამუშაო განრიგი. მათ ცვლის პერიოდის გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება მოუხდეთ ისეთი საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციის (სტიქიური უბედურება, აქცია და ა.შ.) დროს, რომლის სამართავად, მისი ხასიათიდან ან/და მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი ძალებისა და საშუალებების მობილიზება. უწყებების ცნობით, სწორედ ასეთი შემთხვევა განიხილება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებად.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმით ხასიათდება სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს საქმიანობაც, გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული 289 მოსამსახურის სამუშაო დრო განრიგით იმგვარად არის გადანაწილებული, რომ დასაქმებულთა შრომითი პროცესი არ ითვალისწინებს 8 საათზე მეტ უწყვეტ ხანგრძლივობას. 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში ზარების რაოდენობის გაზრდის გამო ორჯერ შეიცვალა ზარის მიმღებთა სამუშაო გრაფიკი, რაც თანაბრად აისახა ზარის ყველა მიმღებზე. სსიპ „112“-ის ადმინისტრაციის მითითებით, სამუშაოს უწყვეტად შესრულების მაქსიმალური ხანგრძლივობა არ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ დროებს და შეცვლილი სამუშაო გრაფიკი ზეგანაკვეთურ სამუშაოს არ ითვალისწინებდა”.

ამდენად, ომბუდსმენის განცხადებით, გამოვლინდა, რომ არსებული საკანონმდებლო შეზღუდვების ფარგლებში, სპეციფიკური რეჟიმის სამსახურები ცვლების ხანგრძლივობას განსხვავებულად განსაზღვრავენ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებულ 1153 პირს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ 2525 მეხანძრე-მაშველს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 1000-ზე მეტ თანამშრომელს ცვლებში 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში უწევთ მუშაობა, მაშინ,როცა მათი ნაწილი მუშაობს 12 საათი, ხოლო სსიპ „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოში შენარჩუნებულია მუშაობის სტანდარტული 8-საათიანი ხანგრძლივობა. ამასთან, შესაბამისი სამსახურები ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევენ შესრულებული სამუშაოს არაერთგვაროვან რაოდენობას, რის გამოც მსგავს შემთხვევებში დასაქმებულების მიერ სახელფასო დანამატით ან დამატებითი დასვენების დროით სარგებლობის საკითხი პრობლემურია.

“გასათვალისწინებელია, რომ სამუშაო საათების ხანგრძლივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რათა დასაქმებულებმა შეძლონ პროფესიული, ოჯახური და პერსონალური ვალდებულებების სათანადოდ დაბალანსება და თავიდან აიცილონ სამსახურთან დაკავშირებული სტრესი, უბედური შემთხვევები და დაავადებები. ამავე დროს, არაგონივრულად ხანგრძლივი სამუშაო დრო გავლენას ახდენს პირის შრომით უნარებზე, იწვევს გადაღლას, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. ამის გათვალისწინებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მონაწილე სახელმწიფოებს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო მოუწოდებს, კანონმდებლობით დაადგინონ არა მხოლოდ კვირეული, არამედ – დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობაც, რაც შესაძლოა განსხვავებული სამსახურებრივი საქმიანობებისთვის დამახასიათებელი მოთხოვნების გათვალისწინებით ცვალებადი იყოს, თუმცა არ უნდა გასცდეს სამუშაო დღის გონივრულ მაქსიმუმს.

იმდენად, რამდენადაც ზოგადი სტანდარტის მიხედვით, 8-საათიანი სამუშაო დღის პრინციპი მოქმედებს, გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნულ ლიმიტზე რამდენიმე საათით მეტი ხანგრძლივობა. 24-საათიანი რეჟიმი კი აღნიშნულ ზღვარს 3-ჯერ აღემატება და თან მოიცავს ღამის საათებსაც, რაც საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებელ შეზღუდვებს ექვემდებარება იმის გამო, რომ ადამიანის ორგანიზმი გარემო ფაქტორების ზემოქმედების მიმართ ამ დროს გაცილებით მგრძნობიარეა და ღამით მუშაობის ხანგრძლივი პერიოდები დასაქმებულთა ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. აღნიშნულს განამტკიცებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, დასაქმების ადგილზე გატარებული 24-საათიანი ცვლები, რაც ფართოდ იყო გავრცელებული მეხანძრეებისა და ექიმებისთვის, უკანონოდ მიიჩნევა. შესაბამის გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს, დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება დაექვემდებაროს ეკონომიკურ და ორგანიზაციულ მოსაზრებებს”.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დღიური სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს რაოდენობრივი საზღვრების არარსებობის პირობებში, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის ზემოთ განხილულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ დასაქმებული პირები მუდმივად იმყოფებიან საკუთარი ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად მუშაობის საფრთხის წინაშე.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის სამსახურებში განისაზღვროს დასაქმებულთა მიერ შესასრულებელი სამუშაო საათების დღიური მაქსიმალური ხანგრძლივობა. მნიშვნელოვანია, შესასრულებელი სამუშაოს სახის, მისი შესრულების სიმძიმისა და გავლენის გათვალისწინება დასაქმებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგო მარეობაზე. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გადაუდებელი დახმარების სამსახურებში დასაქმებულთა საქმიანობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მათი ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების პრობლემები, შესაძლოა, უშუალოდ აისახოს იმ ადამიანების ინტერესებზეც, რომლებსაც ამ სამსახურებში დასაქმებული პირებისაგან ესაჭიროებათ დახმარება.

რაც შეეხება ასეთ სპეციფიკურ სამუშაოებზე ზეგანაკვეთურ მუშაობას, არსებული ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით მაქსიმალურ საზღვრებს არ აწესებს, იძლევა შესაძლებლობას, დასაქმებულებს სამუშაოს შესრულება იმ ოდენობით მოუხდეთ, რომ დაარღვიოს მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო რეგულაციად მიიჩნევა. ამდენად, მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ დაადგინოს როგორც მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა, ისე მაქსიმალური საერთო სამუშაო დრო, რომელიც მოიცავს ზეგანაკვეთურ სამუშაოსაც”.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, ცალკე უნდა აღინიშნოს სოციალური მუშაკების საქმიანობის კუთხით ქვეყანაში არსებულ სისტემური პრობლემები. მათ შორის აღსანიშნავია სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობრივი სიმცირე, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესის არარსებობა და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, სოციალური სამუშაო 26 სხვადასხვა მიმართულებით.

“შემაშფოთებელია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებითად გადაუჭრელია სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები იმ ვითარებაში, როდესაც მუდმივად იზრდება სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა.

სოციალური მუშაკზე დაკისრებული მოვალეობები დიდი მოცულობისაა და რიგ შემთხვევებში სცდება მათი პროფესიის მანდატსაც – ისინი დატვირთული არიან ისეთი ვალდებულებებით, რაც მათ ფუნქციებს არ შეესაბამება. სისტემურ დონეზეა მოსაწესრიგებელი ასევე სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების საკითხი, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მყარი სისტემის დანერგვა.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მიზნით. სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით”, – აცხადებენ ომბუდსმენის ანგარიშში.

ომბუდსმენი წინადადებები საქართველოს პარლამენტს:

  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის მსგავსად, შრომის ინსპექტორები შესაბამისი უფლებამოსილებებით (თავისუფალი დაშვების მანდატით) და აღსრულებადი მექანიზმებით (სანქციების გამოყენების შესაძლებლობით) აღიჭურვონ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმების პროცესშიც;
  • საქართველოს შრომის კანონმდებლობით განისაზღვროს: დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა (მათ შორის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის და არანორმირებული სამუშაო დღის მქონე დაწესებულებებში ცვლებში მომუშავე დასაქმებულთათვის) და დასაქმებულისთვის ყოველკვირეული უწყვეტი დასვენების დროის მინიმალური ოდენობა; ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დასაშვები ზღვარი (მათ შორის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის და არანორმირებული სამუშაო დღის მქონე დაწესებულებებისთვის).

რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს:

• 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინოს მსჯელობა/არგუმენტაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დამკვიდრებული პრაქტიკის თაობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს:

• გადაიხედოს ცვლებში 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობის პრაქტიკა და განრიგის შედგენისას, უპირველესად, დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com