ახალი ამბები

დემონსტრანტები თბილისის მერსა და მინისტრებს შემთხვევის ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებენ

1 აპრილი, 2019 • 1222
დემონსტრანტები თბილისის მერსა და მინისტრებს შემთხვევის ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებენ

დემონსტრანტები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე მუშების დაღუპვას აპროტესტებენ და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას ითხოვენ, პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.

ამჟამად აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის 5 ნომერთან, ვაკეში, იმ შენობასთან იმყოფებიან, სადაც 31 მარტს,  მუშაობისას, 2 ადამიანი დაიღუპა. ისინი თბილისის მერს, კახა კალაძეს, ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და მინისტრებს – დავით სერგეენკოსა და გიორგი ქობულიას – მოუწოდებენ, ასევე მივიდნენ ადგილზე.

მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადანაცვლებამდე აქციის მონაწილეები თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბნენ და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუყოვნებლივი გამკაცრება, ასევე, შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედება მოითხოვეს.

აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან მიიტანეს და გაშალეს პლაკატები, წარწერით “სიკვდილით სავსე ქალაქი”, “არა ბიზნესის დიქტატურას”, “მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია”, “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ”, “მთავრობამ მიგვატოვა” და ა.შ

"მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია "მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია "მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დემონსტრაცია ეხმიანება თბილისში, ვაკეში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვას — 31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მშენებარე კლინიკასთან მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 25 წლის დათო აბესაძის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში იპოვეს, მეორე — ედუარდ ვარიშოვი — თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს.

როგორც ნეტგაზეთმა ნათესავებთან/ახლობლებთან გაარკვია, 25 წლის დათო აბესაძე უმცროს ძმასთან ერთად მუშაობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კლინიკის მშენებლობაზე. აბესაძე, რომელიც ჭიათურაში დაიბადა, ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. მამამისი მაღაროელი იყო, თუმცა რამდენიმე წელია, აღარ მუშაობდა. დედა ჭიათურაში ახლაც საბაგიროს სიგნალისტად მუშაობს. 

კომპანია “ტრანსმშენმა”, რომელიც ვაკეში აშენებს კლინიკას, რომლის მშენებლობაზეც დაიღუპნენ მუშები, აცხადებს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა. კომპანიის განცხადებითვე, გარდაცვლილი მუშები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ;

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ აპრილს განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე “შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება”.

პირველ აპრილს კანცელარიასთან შეკრებილმა აქტივისტებმა და სხვა მოქალაქეებმა სახელმწიფოს მოუწოდეს, აიღოს პასუხისმგებლობა დაღუპული მუშების სიცოცხლეზე და დასაქმებულების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ჯერჯერობით უცნობია 2019 წელს საწარმოო ადგილებზე დაღუპულების სტატისტიკა. 2018 წელს კი ეს რიცხვები ასეთი იყო: საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე:

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

შრომის უფლებები ომბუდსმენის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი