ახალი ამბები

“მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია” — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის

1 აპრილი, 2019 • 1968
“მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია” — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის

თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუყოვნებლივ გამკაცრებისა და შრომის ქმედითი ინსპექციის ამოქმედების მოთხოვნით ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეკრებიდან მალევე, შესაბამისი მოთხოვნით მათ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.

მსვლელობამდე აქტივისტებმა მთავრობის კანცელარიასთან მიიტანეს და გაშალეს პლაკატები, წარწერით “სიკვდილით სავსე ქალაქი”, “არა ბიზნესის დიქტატურას”, “მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია”, “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ”, “მთავრობამ მიგვატოვა” და ა.შ

"მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია "მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია "მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია" — აქცია-მსვლელობა უსაფრთხო შრომისთვის. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დემონსტრაცია ეხმიანება თბილისში, ვაკეში მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვას — 31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მშენებარე კლინიკასთან მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. 25 წლის დათო აბესაძის ცხედარი მაშველებმა შემთხვევიდან დაახლოებით ერთ საათში იპოვეს, მეორე — ედუარდ ვარიშოვი — თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ ამოასვენეს.

როგორც ნეტგაზეთმა ნათესავებთან/ახლობლებთან გაარკვია, 25 წლის დათო აბესაძე უმცროს ძმასთან ერთად მუშაობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კლინიკის მშენებლობაზე. აბესაძე, რომელიც ჭიათურაში დაიბადა, ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა. მამამისი მაღაროელი იყო, თუმცა რამდენიმე წელია, აღარ მუშაობდა; დედა ჭიათურაში ახლაც საბაგიროს სიგნალისტად მუშაობს. 

კომპანია “ტრანსმშენმა”, რომელიც ვაკეში აშენებს კლინიკას, რომლის მშენებლობაზეც დაიღუპნენ მუშები, აცხადებს, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვალდებულება ამავე კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა; კომპანიის განცხადებითვე, გარდაცვლილი მუშები ქვეკონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ;

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ პირველ აპრილს განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე “შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ფიქსირდება”.

პირველ აპრილს კანცელარიასთან შეკრებილმა აქტივისტებმა და სხვა მოქალაქეებმა სახელმწიფოს მოუწოდეს, აიღოს პასუხისმგებლობა დაღუპული მუშების სიცოცხლეზე და დასაქმებულების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ჯერჯერობით უცნობია 2019 წელს საწარმოო ადგილებზე დაღუპულების სტატისტიკა. 2018 წელს კი ეს რიცხვები ასეთი იყო: საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე:

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

შრომის უფლებები ომბუდსმენის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი