5 აპრილს კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუსმენენ

5 აპრილს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. გვენეტაძე საკანონმდებლო ორგანოში თიბისი ბანკსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს.

26 თებერვალს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ. კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა გვენეტაძემ განაცხადა, რომ რეგულატორის მიერ TBC ბანკთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საპარლამენტო ფორმატში განხილვა მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა იყო. სებ-ის პრეზიდენტის არგუმნეტი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გაიზიარა და სხდომა შეწყვიტა.

თიბისი ბანკში ეროვნულმა ბანკმა ინსპექტირება განახორციელა 2007 და 2008 წლებში შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თიბისი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. რეგულატორი აცხადებდა, რომ ამ ოპერაციებისას თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვიეს. ბანკს მათ მიმართ ახალი სესხებისა და გარანტიების გაცემა აეკრძალა, შემდეგ კი, 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა ორივე მათგანის საბჭოდან გასვლა მოითხოვა.

თავდაპირველად, ხაზარაძე და ჯაფარიძე მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. ბანკმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებდა დავას, თუმცა მოგვიანებით ბანკმა დავა შეწყვიტა, ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ის ბანკს დატოვებდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა ბადრი ჯაფარიძემაც, თუმცა თქვა, რომ სამართლებრივი დავის შეწყვეტას ეროვნულ ბანკთან არ აპირებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.