ახალი ამბები

“კილაძის განცხადების შემდეგ მუქარებმა მოიმატა” – ხატია ახალაია

1 აპრილი, 2019 • 2180
“კილაძის განცხადების შემდეგ მუქარებმა მოიმატა” – ხატია ახალაია

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორის, ხატია ახალაიას თქმით, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა სოფო კილაძემ მისი საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, მის მიმართ მუქარებმა მოიმატა.

როგორც დეპუტატმა თქვა, ხატია ახალაიას ონლაინ გაკვეთილებმა  “სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში”, თუმცა ახალიამ ვიდეოებთან დაკავშირებით არაერთი მუქარა მიიღო.

“ეს ადამიანი არ უნდა იკავებდეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, რადგან მისი ღირებულებები არის აბსოლუტურად აცდენილი ადამიანი უფლებებისა და პრინციპების.

იგი ბავშვთა თემით მანიპულირებს, კერძოდ, როდესაც იგი საუბრობს სასულიერო პირების ჩართულობაზე, ამ საუბრებით ის პირდაპირ აზიანებს ამ პროცესებს, სეკულარულ სახელმწიფოში რელიგიურ კონფესიებს უფლებას აძლევს, ჩაერიონ სექსუალური განათლების მიწოდების პროცესში ოჯახთან ერთად. რელიგია უნდა იყოს სეპარირებული განათლებისგან – ეს არის მნიშვენლოვანი ბავშვთა უფლებების ნაწილში და მათი განვითარების უზრუნველსაყოფად”, – ამბობს ხატია ახალაია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ხატია ახალაიას თქმით, სოფო კილაძის განცხადებები მიუღებელია იმის ფონზე, როდესაც გამოძიება მის მიმართ მუქარაზე “არაეფექტიანად მიმდინარეობს”.

“ამ ფონზე ადამიანი, რომელიც, წესით, ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, პირიქით, ახალისებს ძალადობას და ეს წარმატებულადაც გამოუვა იმიტომ, რომ სოფო კილაძე იმ თანამდებობას იკავებს, რომლის მეშვეობითაც ბევრ ადამიანზე აქვს გავლენა .

მუქარები არ შეწყვეტილა, რა თქმა უნდა, თუმცა იმის შემდეგ, რაც სოფო კილაძემ ეს განცხადება გააკეთა, უფრო მეტად მოიმატა ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით მუქარებმა,” – განმარტავს ხატია ახალაია.

ხატია ახალია დარწმუნებულია, რომ მუქარის ავტორებს აქვთ დაუსჯელობის განცდა, რასაც აძლიერებს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, სოფო კილაძის განცხადებები.

ხატია ახალაია ასევე ამბობს, რომ მსგავსი მიდგომებით საქართველოს განათლების სისტემა უკან დაიწევს, ხოლო სექსუალური განათლება, რომელიც ბავშვის განათლებისთვის მნიშვნელოვანია, ხალხის მხრიდან უფრო მეტი აგრესიის სამიზნე გახდება.

რაც შეეხება ვიდეოებს სექსუალური განათლების შესახებ, ხატია ახალაია გვიყვება, რომ მუქარების გამო სამუშაოზე კონცენტრირება უჭირს. ბოლო ვიდეო კი რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

კილაძის განცხადება ახალიას ვიდეოებზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ 31 მარტს თქვა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის” იგვლივ მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მისი თქმით, “კოდექსი სხვა არაფერს ემსახურება, თუ არა ბავშვის დაცვას, დღეს კი ბავშვები ამ კუთხით დაუცველები არიან.

“ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის გაკვეთილები ბავშვებისათვის, მათ არ ჰქონდეთ ამის საშუალება მშობლის ფილტრის გარეშე. დღეს ბავშვები დაუცველები არიან ამ კუთხით, რისი კარგი მაგალითი იყო ხატია ახალაიას ცნობილი ონლაინ გაკვეთილები, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია აღშფოთება საზოგადოებაში,” – ამბობს სოფო კილაძე.

განცხადებას ფეისბუკზე არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და კილაძეს შეახსენა, რომ ხატია ახალაიას ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ ემუქრებოდნენ, ხოლო დეპუტატის მხრიდან მუქარების “სამართლიანი აღშფოთებად” შეფასება არასწორია და მსგავს საქციელს აქეზებს.

უარყოფითი გამოხმაურებების შემდეგ სოფო კილაძემ განმარტა, რომ მისთვის კრიმინალი, მათ შორის, ხატია ახალაიას მიმართ, მიუღებელია:

“მოკვლით რომ ემუქრებოდნენ, ეს ცალკე უბედურებაა და ამას მიხედეს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია,”.

 


ხატია ახალაია ორგანიზაცია “განათლებისა და შრომის ასოციაციის” წევრია და ფეისბუკზე სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილებს აქვეყნებს. რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ ვიდეოების გამო ემუქრებიან და სახლიდან ვერ გადის. ახალაიას საქმეზე შსს-ში გამოძიება დაიწყო და რამდენიმე ადამიანი დაიკითხა, თუმცა, ჯერ არავინ დასჯილა.

ამავე თემაზე:

ხატია ახალაიას შესაძლო მუქარაზე პოლიცია დღეს გაესაუბრება

პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას – ჩიტაშვილი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი