ახალი ამბებიკომენტარი

პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას – ჩიტაშვილი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე

28 მარტი, 2019 • 4976
პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას – ჩიტაშვილი სქესობრივი აღზრდის ინიციატივაზე

ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატ სოფიო კილაძის ინიციატივა ბავშვთა სქესობრივ აღზრდასთან დაკავშირებით არის აბსურდული და დამაზიანებელი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლება ბავშვმა მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში უნდა მიიღოს. მან ასევე ისაუბრა სქესობრივი აღზრდის საკითხში სასულიერო პირთა ჩართვის შესაძლებლობაზეც. კილაძის თქმით, აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია “ბავშვთა კოდექსში”, რომლის პროექტიც კომიტეტმა 26 მარტს განიხილა.

ფსიქოლოგი მარინე ჩიტიშვილი ამბობს, რომ როდესაც ბავშვი თავისი წარმოშობით ინტერესდება, მნიშვნელოვანია, ასაკის შესაფერისი ცოდნა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში “თავდაყირა გადავეშვები რომელიმე მარგინალურ ჯგუფში, რადგან არ მეცოდინება, რა ხდება ჩემს თავს”.

ნეტგაზეთი ფსიქოლოგის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

“დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, მაინც დავწერო კომენტარი ამ აბსურდზე, რომელიც, რადგან ჩაიწერა კანონპროექტში, ეტყობა, სულ რიხინ-რიხინით გაივლის მეორე და მესამე მოსმენებს და ფსევდოპურიტანული მორალით თავსაფარში გამოხვეულ თვალდახრილი ქალებისა და საკუთარი ღირსებით აღვსილი კაცების მორიგ ქარტიად იქცევა.

ცოდნა ანუ სწავლა, გაგება, ახლის შემეცნება – კოგნიტური ანუ სააზროვნო პროცესია, რომელიც პირდაპირ ბმაში არ არის სიამოვნებასთან და ქცევაში გამოვლენასთან.

კითხვა, მე საიდან მოვედი, სამი წლის ასაკში ნიშნავს კითხვას – ამ სამყაროს მე ვუყვარვარ თუ არა, რადგან მე პატარა გულივერი ვარ გოლიათების სამყაროში და ვშფოთავ, ქვემოდან გიყურებთ და ვკითხულობ, რამე ხომ არ მომივა? აქ საიდან გავჩნდი? მე არ მაინტერესებს, რა კონკრეტული ქცევა განახორციელა ორმა ადამიანმა ჩემი ჩასახვისათვის. მე მათ სრულიად სხვა რამეს ვეკითხები, მე ეგზისტენციალური კითხვა მაწუხებს: აქ უსაფრთხოდ ვარ თუ არა? რატომ არ ვარ თქვენისთანა დიდი? რატომ დამყურებთ ზემოდან? პასუხი ჩემს კითხვაზე ძალიან მარტივია – შენ ჩვენი სიყვარულის შედეგად გაჩნდი და შენ ჩვენი სიხარული ხარ!!! და მე, პატარა გულივერი, მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას.

7-8 წლის ასაკში მე ისევ დავსვამ ამ შეკითხვას, უკვე ცნობისმოყვარეობის, შემეცნების სურვილის გამო – ადამიანი როგორ ჩნდება – და რადგან სკოლაში უკვე მასწავლიან ბუნებას, რაღაცას ვხვდები, მაგრამ ბოლომდე ვერა და გეკითხებით მხოლოდ და მხოლოდ გაგებისთვის – რა მექანიზმებით მრავლდებიან ადამიანები. ასეთ დროს პასუხი მარტივია – ცოცხალი ორგანიზმების სამყარო, რომელთა ნაწილიც ჩვენ ვართ და ვეკუთვნით ხერხემლიანებს (შეგიძლიათ საკუთარი ზურგიც კი უჩვენოთ და ხერხემლის მალები დაათვლევინოთ), მრავლდება ორი სქესის, მდედრობითი და მამრობითი, შეუღლებით. მდედრობითი სქესი ატარებს კვერცხუჯრედს, მამრობითი- სპერმატოზოიდს, ცალ-ცალკე ისინი ვერ წარმოშობენ თავის მსგავსს, ამისათვის სპერმატოზოიდმა უნდა შეაღწიოს კვერცხუჯრედში, გაანაყოფიეროს ის და მერე იწყება უკვე ჩანასახის განვითარება, რომელიც სხვადასხვა სახეობისათვის განსხვავებულ დროს იკავებს. პირველად ვითარდება… და აღარ დავწერ, რა და როგორ ვითარდება, ამას წაიკითხავს, ვისაც აინტერესებს და მოუყვება შვილებს. მე გავიგებ, როგორ ჩნდებიან ადამიანები და შემეცნებით ინტერესს დავიკმაყოფილებ.

მე არაფერს არ შეგეკითხებით, როდესაც 14-16 წლისას შემიყვარდება ვინმე, ჩემი ორგანიზმი იფეთქებს და მე აღმოვაჩენ, რომ ან ქალი ვარ და ან კაცი და მიზიდავს მეორე და ის, რაც მითხარით 7-8 წლის ასაკში (როგორ ვმრავლდებით), თურმე რა ქცევისკენ მიბიძგებს და ის, რაც მითხარით 3-4 წლის ასაკში, რომ გიყვარვართ ორს, თურმე რას ნიშნავს. მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი, სიყვარულის რიტუალი როგორ უნდა შევასრულო, ამას მე თვითონვე მოვძებნი ინტერნეტით და წავიკითხავ, რომ ამის შესახებ 40 საუკუნის წინაც ზუსტად ისევე და იმდენი იცოდნენ, როგორც ჩვენ ვიცით დღეს. სიყვარულის ქცევის მექანიკა თურმე როგორი ძველი და ახალი ყოფილა ერთდროულად.

თუ თქვენ 3-4 ან 7-8 წლის ასაკში მომიყვებით ქალისა და კაცის სქესობრივი ქცევის შესახებ, მე ვერაფერს ვერ გავიგებ, ვერ მივიღებ პასუხს ჩემს კითხვებზე და თქვენსავით გავუცხოვდები საკუთარი თავისგან და მეგონება, რომ სექსი სირცხვილია, ცუდია და დასამალი. მერე, როდესაც მომწიფების პერიოდი დამიდგება, ხმას ვერ ამოვიღებ, ან თავდაყირა გადავეშვები რომელიმე მარგინალურ ჯგუფში, რადგან არ მეცოდინება, რა ხდება ჩემს თავს.

და ეს ყველაფერი იმის ბრალი იქნება, რომ თქვენ, უფროსებმა, ერთმანეთში აურიეთ რამის ცოდნა, როგორც შემეცნებითი პროცესი, და კონკრეტული ქცევა, როგორც სიამოვნების მიღება.

ამ კანონით საქართველოს პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას იმის შიშით, რომ სიამოვნების მიღება აკრძალულია და სირცხვილია მათი აზრით. და ასევე ხელს უწყობს ავტორიტეტის მიმართ (მშობლის ნებართვა და თხოვნა) მორჩილებას და აფერხებს ინდივიდუალიზაციის გზაზე საკუთარი თავის გაცნობიერებასა და ემოციური ზრდასრულობის მიღწევას.

ყოჩაღ! ზუსტად გაიზიარეთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება. ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ თქვენი არგუმენტისათვის. სად ნახეთ იგივე? მშობლის მიერ უარის თქმა რელიგიური მოსაზრებების გამო მიღებულია რიგ ქვეყნებში, მაგრამ ნებართვა, რომ გაკვეთილი ჩაუტარონ, ეს თქვენი მოგონილია. სხვაობასაც ვერ ხედავთ ამ ორ მიდგომას შორის და საყოველთაო პრაქტიკა გგონიათ.

ისიც არ გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტი არსებობს, თქვენი აკრძალვები არაფერს არ გააკეთებს და თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას.

არ გამომაპაროთ, როდის აკრძალავთ გარკვეული სამეცნიერო მიმართულებებს ევოლუციის თეორიის ჩათვლით – ადამიანის ღვთიური წარმოშობის მოტივით – რომ საკუთარი მოკვდაობის და წარმავლობის შიშს გაუმკლავდეთ.

ვინა ხართ? საიდან მოხვედით? სად ისწავლეთ? რა ისწავლეთ? ვინ გითხრათ, რომ ადამიანის ბედი თქვენი გადაწყვეტილებების ანაბარაა?!

დღეს შევეცადე ჩემი სტუდენტებისთვის ამეხსნა, რას ნიშნავს პროექცია ამ მაგალითზე. მადლობა ასეთი კარგი ქეისისათვის. მშვენივრად გაიგეს და დაიმახსოვრეს. ისიც ავუხსენი, რომ ნებისმიერი აკრძალვის მიუხედავად, იდეა, აზრი არასდროს კვდება და მაგალითად: ქრისტიანობა დგას სამ იდეაზე – სიყვარულზე, თანასწორობასა და თავისუფლებაზე.

ის რუსთაველი მაინც წაიკითხეთ, ყველაფერს რომ მისი სახელი დაარქვით, რომ თქვენგან სასაცილოდ აგდებული ღმერთი არ გასწირავს ადამიანს – “მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი