ახალი ამბები

საყდრისის საქმეზე სასამართლოში შესული ორი სარჩელი შესაძლოა გაერთიანდეს

24 სექტემბერი, 2014 • • 859
საყდრისის საქმეზე სასამართლოში შესული ორი სარჩელი შესაძლოა გაერთიანდეს

განხილვის გადადების მიზეზი  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ დაყენებული შუამდგომლობები გახდა, რომლის დაშვებაზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს, საიამ სულ 6 შუამდგომლობა დააყენა.

 

საიას მიერ დაყენებული შუამდგომლობების თანახმად, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ შეტანილი საჩივარი და ეს საქმე უნდა გაერთიანდეს, რადგან მიზანდარის გათავისუფლების გადაწყვეტილებაში და დღევანდელ საქმეში ერთი და იგივე ბრძანება ფიგურირებს, რომელიც პროცედურული დარღვევებითაა მიღებული და ამიტომ  ეს  საქმე უნდა გაერთიანდეს.

 

საია ასევე მოითხოვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, როგორც მესამე მხარის საქმეში ჩართვას. მესამე შუამდგომლობის თანახმად კი, კულტურის სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნა, რომლის საფუძველზეც სამინისტრომ დასაშვებად მიიჩნია საყდრისში მიწის სრულმასშტაბიანი სამუშაოს ჩატარების უფლება.

 

მეოთხე შუამდგომლობის თანახმად კი, კულტურის სამინისტრომ უნდა წარადგინოს  ის დასკვნა, რომელიც მოწვეულმა ექსპერტებმა მოამზადეს და ის ექსპერტები, რომლებიც გერმანულ-ქართულ ექსპედიციის დროს საყდრისში მუშაობდნენ, სასამართლოზე მოწმეებად დაიკითხნონ. ეს ადამიანები არიან  გიორგი გოგოჭური და გიორგი მინდიაშვილი.

 

ბოლო შუამდგომლობის თანახმად კი, საია ითხოვს ამ საქმის განხილვა გადაიდოს მანამ ვიდრე, სააპელაციო სასამართლოში არ დასრულდება იმ საქმის განხილვა, რომელიც  საქალაქო სასამართლოს მიერ კულტურის მინისტრის ბრძანების გაუქმებას ეხება და რომლის თანახმადაც საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა.

 

მოპასუხე მხარე, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო და  “RMG Gold” წარმოადგენენ, მხოლოდ პირველ და ბოლო შუამდგომლობას დაეთანხმა.

 

სასამართლოს განცხადებით კი, დღეს უნდა გაიმართოს მარინე მიზანდარის საქმის განხილვა, რომელზეც პროცედურულ საკითხებზე იმსჯელებენ და გადაწყდება, გაერთიანდება თუ არა ეს ორი საქმე.  ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი სასამართლო დანარჩენ შუამდგომლობაზე იმსჯელებს.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი