ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. შტაბი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისათვის მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.
საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 112.
მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გავიდნენ სანაპიროზე და მსუბუქი ავტომანქანებით მოერიდონ წყლით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას;
აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ “ბათუმელებთან” საუბრისას განმარტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო და სამაშველო სამსახურები სრული შემადგენლობით იმუშავებენ.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი ერთეული მძიმე ტექნიკა და ეკიპაჟი თბილისიდან უკვე ბათუმში ჩამოვიდნენ.
ბათუმი ხუთ ნაწილდაა დაყოფილი და სამაშველოსა და სახანძროს სამსახურები ყველა უბანში გადანაწილდნენ.
შტაბის წევრების შეხვედრა უკვე დასრულებულია, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ბრიგადები აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტებში გადანაწილდებიან.