ნეტგაზეთი | სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – 29 მარტს მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართება სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – 29 მარტს მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართება – Netgazeti
RU | GE  

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ – 29 მარტს მათი მხარდამჭერი აქცია გაიმართება

სოციალური მუშაკები გაფიცვას აგრძელებენ. კანცელარიასთან მათი მხარდამჭერი აქცია ხვალ, 29 მარტს მარტს გაიმართება. გაფიცვის მე-4 დღეს ისინი ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შეხვდნენ.

“სოციალური მუშაკების მოთხოვნების მხოლოდ ნაწილობრივი დაკმაყოფილება იგეგმება. სოციალური მუშაკები კი ითხოვენ სისტემურ ცვლილებებს!

გაიფიცნენ, რადგან მათი გაჩუმება და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეინარჩუნებს წლების მანძილზე არსებულ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც არღვევს დასაქმებულისა და ბენეფიციარების ინტერესებს.

სოციალური მუშაკები გაიფიცნენ თავშესაფრის მომლოდინე ხანდაზმულებისთვის, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, რომელთაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს სარეაბილიტაციო მომსახურებებს. ყველასთვის, ვისაც ძლიერი, დაცული სოციალური მუშაკის მხარდაჭერა სჭირდება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური მუშაკების სამართლიან ბრძოლას ღირსეული სამუშაო პირობებისთვის!

ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალური მუშაკების სამართლიან ბრძოლას, რომელიც ბენეფიციარებისთვის ღირსეული მომსახურებებს შექმნას ემსახურება!”-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერგეენკომ განაცხადა, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩა და ხვალიდან სოციალური მუშაკების გაფიცვა, სავარაუდოდ, დასრულდება.

“მე ვფიქრობ, რომ გაფიცვა დასრულდება. საბოლოო შეთანხმება არის, რომ უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ, გავაანალიზეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ მიერ მიღწეულ შეთანხმებას ფორმალიზებულად, დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვადასხვა სოციალურ მუშაკს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე.

თუმცა, აქ მათი საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო და არცერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი. ვფიქრობ, ხვალიდან გაფიცვა შეწყდება და გეგმური მუშაობა გაგრძელდება”, – ამბობს დავით სერგეენკო.

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. სოცმუშაკები წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

გაფიცვის მე-4 დღე: როგორია სოცმუშაკების სამომავლო გეგმები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.