ახალი ამბები

ასოცირების კომიტეტი ამომრჩეველზე ზეწოლითა და NGO-ებზე თავდასხმებით შეშფოთებულია

28 მარტი, 2019 • 1395
ასოცირების კომიტეტი ამომრჩეველზე ზეწოლითა და NGO-ებზე თავდასხმებით შეშფოთებულია

27-28 მარტს სტრასბურგში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან – თამარ ხულორდავა, ევროპარლამენტიდან კი საჯად კარიმი თანათავმჯდომარეობდნენ.

სხდომაზე მოუსმინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს: გენადი არველაძეს და ნათია თურნავას, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეს, ასევე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის და ევროკომისიის მხრიდან – დირკ ლორენცს და ნიკოლას სენდროვიჩს.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა საბოლოო განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, მიმოიხილავს იმ პროგრესს და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს ამ გზაზე აქვს.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იწონებს საქართველოს მდგრად პროგრესს არჩეულ გზაზე. კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროპულ მისწრაფებებს, პოლიტიკურ მხარეთა მიღმა, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იზიარებს; მიუთითებს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციაზე, რომლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებს იცავს, შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. აგრეთვე, მიუთითებს ევროპარლამენტის მიერ ინიცირებულ “აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუს” ინიციატივაზე, რომელიც ევროკავშირში სრულად გაწევრიანების გზაზე ახალი შესაძლებლობების გამოვლენას ითვალისწინებს.

კომიტეტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ უვიზო რეჟიმის ხარვეზების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად სწრაფი საპასუხო ზომების გატარებას და ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყანად ცნონ, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების დასრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიზების, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების შესახებ საერთო სურათი პოზიტიურია, ანგარიში, ასევე, გამოყოფს ცალკეულ სფეროებს, რომლებიც მეტ ძალისხმევას ითხოვს შემდგომი დაახლოებისთვის. ასეთებად დასახელებულია შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური დახმარების მოცულობამ საქართველოსთვის უნდა შეადგინოს 371-დან და 453 მილიონ ევრომდე და ევროკომისიას მიმართავს, დახმარების მოცულობა გაზარდოს.

კომიტეტი თავის განცხადებაში მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს 2018 წელს საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რამაც დაასრულა საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა, და აღნიშნავს, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში განხორციელებულ პირველ საერთაშორისო ვიზიტს სიმბოლური და არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

“კომიტეტი მიესალმება ევროპარლამენტის წევრების მონაწილებით, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა და ამომრჩევლებს რეალური არჩევანის საშუალება; მიუხედავად ამისა, შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენების ცალკეული შემთხვევებით, ამომრჩეველზე ზეწოლით, დაშინებითა და ერთეული ძალადობრივი ინციდენტებით, რომლებიც დაფიქსირდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ასევე, პოლარიზაციის მაღალი დონით საზოგადოებასა და მედიაში, უარყოფითი კამპანიით და სიტყვიერი თავდასხმებით სამოქალაქო საზოგადოებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტი, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ეფექტიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, არამედ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მიმდინარე რეფორმები და განახორციელოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღა.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი უნდა წარიმართოს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმებისა და კონკურენტრუნარიანობის საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთავარ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის მეშვეობით”, – ნათქვამია რეკომენდაციებში.

დოკუმენტი მიუთითებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემისა და პოლიტიკური მდგომარეობის გამოყენებით პირთა დაუსჯელობის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე.

რაც შეეხება მედიას, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება; ძლიერი და პლურალისტური მედიაგარემო, რომელიც მრავალფეროვან შეხედულებებს გადმოსცემს, საქართველოში გარანტირებულია, თუმცა პროფესიული მედიის სტანდარტები შემდგომ ხელშეწყობას საჭიროებს.

ასოცირების კომიტეტი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის შემდგომი დახვეწა უნდა განხორციელდეს, რათა დაიძლიოს ამ მხრივ არსებული ყველა გამოწვევა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს შემდგომი მაკროეკონომიკური რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შექმნას და შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობის შემცირებას.

კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოში

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს ყველა სამხედრო ძალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოხსნას ყველა დაბრკოლება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ჩამოყალიბებისთვის.

“კომიტეტი მკაცრად გმობს რუსეთის ყველა ნაბიჯს, რასაც თან სდევს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შემდგომი გაუარესება, საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, კონკრეტულად, ინტენსიური მილიტარიზაცია, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობა, ცხოვრების დონის გაუარესების ტენდენცია, მშობლიური ენაზე განათლებისა და გადაადგილებისა შეზღუდვა, მშვიდობიანი მოსახლეობის თვითნებური დაკავება და გატაცება, ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია”, – აცხადებს კომიტეტი და აღნიშნავს, რომ ყველა ეს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

კომიტეტი განცხადებაში საუბრობს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებზე, განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ პირობებში გარდაცვალების გამო. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ ძალას, არ შეუშალოს ხელი დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას. ამასთან, კომიტეტი ადასტურებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მათ შორის პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სოციალურ მედიაში ჩარევის დივერსიული პოლიტიკის გზით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიისა და საზოგადოების შესუსტებას, ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საზოგადოების აზრით მანიპულირების, ყალბი ნარატივის გავრცელების და სოციალური დაძაბულობის გაღვივების გზით. ამ კონტექსტში გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ინფორმაციულ ომს, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გზით სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისთვის;

ზემოაღნიშნულ დოკუმენტი მიღებულ იქნა ორივე დელეგაციის უმრავლესობის მხარდაჭერით. ევროპარლამენტის დელეგაციიდან განცხადებას და რეკომენდაციებს მხარის დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე სამივე წევრმა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 7 – მომხრე, 0 – მოწინააღმდეგე, 2-მა თავი შეიკავა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შემდეგ სხდომას 2019 წლის ოქტომბერში უკვე თბილისში გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი