ახალი ამბები

თითოეული სოცმუშაკის სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე – მამუკა ბახტაძე

28 მარტი, 2019 •
თითოეული სოცმუშაკის სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკების სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე და მათ მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის.

“მსურს, დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა თითოეული სოციალური მუშაკის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზრუნვას და დაკავშირებულია, ამავე დროს, სერიოზულ პასუხისმგებლობასთან.  სოციალური პოლიტიკა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ წლიდან წლამდე ვცდილობთ, რომ ჩვენი  სოციალური სერვისები გავზარდოთ და, ბუნებრივია, ამ ადამიანების სამუშაო გრაფიკიც ხდება უფრო და უფრო რთული. მართლა, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი არის ძალიან მძიმე და მე კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ მათგანს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმ შრომისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში სწევენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მინისტრმა დავით სერგეენკომ წარმოადგინა პრობლემის გადაწყვეტის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ნაწილი უკვე განხორციელებულია.

“მიმდინარეობს კომუნიკაცია სამინისტროსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის და, ამავე დროს, უზრუნველვყავით ის, რომ არ მომხდარიყო სოციალური სერვისების მიწოდების წყვეტა. ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე თემა და მინდა,  მოვუწოდო ყველას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს”, – განაცხადა ბახტაძემ.

უკვე მეოთხე დღეა, რაც სოციალური სააგენტოს თითქმის ყველა სოცმუშაკი გაიფიცა და კანცელარიის წინ პერიოდულად მართავს აქციებს.

ამავე თემაზე:

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი